„ფუჭი მცდელობა“ – თურქეთი „რუსული გაზის ახალი მკვლელის“ წინააღმდეგ

საბერძნეთმა, ბერძნულმა კვიპროსმა და ისრაელმა 2 იანვარს ხელი მოაწერეს შეთანხმებას ევროპაში გაზსადენის მშენებლობაზე. და სერიოზული მოწინააღმდეგეც მაშინვე გამოჩნდა. ავტორი ივან დანილოვი მკითხველს უზიარებს მოსაზრებას, თუ ვინ აღუდგა წინ მაიკ პომპეოს მიერ მოწონებულ პროექტს.
Sputnik

ივან დანილოვი

ახალი წელი ევროპიდან რუსული ბუნებრივი აირის გამოძევების ახალი მცდელობებით დაიწყო. ამჯერად - არა სანქციების, არამედ ისრაელის გაზის მეშვეობით, რომელიც ევროკავშირს ახალი მილსადენით მიეწოდება.

პრობლემა ის გახლავთ, რომ პროექტს, რომელიც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ „აკურთხა“, გამოუჩნდა სერიოზული მოწინააღმდეგე. ამ უკანასკნელს უკვე ბრალს სდებენ სტრატეგიული „ანტირუსული“ გაზსადენის წარმატებულ საბოტაჟში. ეს მოწინააღმდეგე - რეჯეფ თაიიფ ერდოღანია.

Forbes-ი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ დაწესებულ სანქციებს აფასებს

წინასწარი მთავრობათაშორისი (საბერძნეთი-კვიპროსი-ისრაელი) შეთანხმება EastMed (Eastern Mediterranean pipeline – „აღმოსავლეთი ხმელთაშუა ზღვის მილსადენი“) გაზსადენის გაყვანის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში გაფორმდა პომპეოს თანდასწრებით, რომელმაც ვაშინგტონის მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. ე.წ. ენერგეტიკული სამკუთხედის ქვეყნებს შორის საბოლოო შეთანხმებას ხელი 2020 წლის 2 იანვარს მოეწერა და დასავლურ მასმედიაში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, რაც უკავშირდებოდა ევროკავშირზე რუსეთის „ენერგეტიკული გავლენის“ საბოლოო დამარცხების დაუოკებელ სურვილს.

ციფრებს თუ გადავავლებთ თვალს (მათ ყველაზე ოპტიმისტურ ვარიანტსაც კი), გამარჯვების რელაციები, სულ მცირე, ნაადრევია, ვინაიდან EastMed გაზსადენის სავარაუდო მაქსიმალური სიმძლავრით დატვირთვის პირობებშიც კი ევროპას წელიწადში ათი მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდება, რაც ევროკავშირის მოთხოვნილების დაახლოებით ოთხი პროცენტის ეკვივალენტია. შეგახსენებთ, რომ „ბი-ბი-სის“ (რუსეთის მიმართ აშკარად არაკეთილგანწყობილი წყაროს) ცნობით, „ამჟამად რუსეთი უზრუნველყოფს ევროკავშირში გაზის მიწოდების დაახლოებით 40%-ს – ეს ოდნავ მეტია ნორვეგიაზე, რომელიც ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ ევროპის ერთიანი ბაზრის მონაწილეა“.

მაგრამ ზემოხსენებული ათი მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი ისრაელის საბადოებიდან – ჯერ მხოლოდ „თეორიული გაზია“, რადგან თურქეთმა სიტყვითაც და საქმითაც დაადასტურა, რომ ყველა ღონეს იხმარს ხმელთაშუა ზღვის აუზში თავისი (მათ შორის, ენერგეტიკული და ტერიტორიული) ინტერესების დასაცავად. 

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“: შეაჩერებს თუ არა პროექტს აშშ-ის სანქციები

სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ანკარის ამასწინანდელი გადაწყვეტილებები ლიბიის კონფლიქტში პირდაპირი სამხედრო მონაწილეობის შესახებ. საქმე ისაა, რომ გაეროს მიერ ოფიციალურად აღიარებულმა ლიბიის მთავრობამ თურქეთთან ხელი მოაწერა მეტად მომგებიან ეკონომიკურ ხელშეკრულებებს, რომლებიც ფაქტობრივად აღიარებენ თურქეთის უფლებას ხმელთაშუა ზღვის ბუნებრივი აირის რესურსების მნიშვნელოვან ნაწილზე, რაც რეგიონში ანკარისთვის დამატებით იურიდიულ და დიპლომატიურ საფარველს წარმოადგენს.

თურქეთი უარყოფითად შეხვდა გაზსადენის თაობაზე შეთანხმების საზეიმო ვითარებაში გაფორმებას. როგორც წამყვანი თურქული გამოცემა Hürriyet წერს: „თურქეთმა განაცხადა, რომ საბერძნეთს, ბერძნულ კვიპროსსა და ისრაელს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ევროპაში აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან გაზსადენის მშენებლობის შესახებ არის „ფუჭი მცდელობა“, და კიდევ ერთხელ მოუწოდა ხსენებულ ქვეყნებს როგორც თურქეთთან, ისე თურქულ კვიპროსთან თანამშრომლობისკენ.

შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ მილსადენი ნებისმიერ შემთხვევაში აშენდებოდა, ანკარის ყველა დიპლომატიური პროტესტის მიუხედავად, და ეს მართლაც შესაძლო სცენარია. მაგრამ გასული წლების პრაქტიკა იმაზე მიუთითებს, რომ თურქეთი ასეთ საკითხებში კომპრომისებს არ ავლენს და დიპლომატიური მეთოდებით არ შემოიფარგლება. 

ნოვაკი: სანქციები „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულებას ხელს ვერ შეუშლის

სააგენტო „ბლუმბერგი“ 2018 წლის ანალოგიურ ვითარებას იხსენებს, როდესაც თურქეთის სამხედრო ფლოტის ქმედებებმა კოლოსალური საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია, მაგრამ რაიმე არსებითი შედეგების გარეშე დასრულდა.

ანკარის წარმომადგენლებს ჯერ არაფერი უთქვამთ მილსადენის ბლოკირების მიზნით სამხედრო საშუალებების გამოყენებაზე, მაგრამ თუ მოვლენებს პრაგმატულად შევაფასებთ, სამხედრო ხომალდის დახმარებით იტალიური მბურღავი გემის გაძევების გადაწყვეტილებასა და იმავე მეთოდებით მილსადენის გაყვანის მცდელობის აღკვეთის გადაწყვეტილებას შორის პრინციპული განსხვავება არ არის.

ამერიკული ფინანსური ჟურნალი „ფორბსის“ შეფასებით, მილსადენი EastMed 2020 წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება. ამასთან, ამერიკელი ჟურნალისტები მნიშვნელოვან ფაქტზე უთითებენ: თუ მხედველობაში არ მივიღებთ ისრაელის, საბერძნეთისა და კვიპროსის მთავრობების პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, კომერციული თვალსაზრისით ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი გადაწყვეტილი. საქმე ისაა, რომ „მილსადენის მშენებელმა IGI Poseidon-მა – ეს არის ერთობლივი საწარმო, რომელშიც გაერთიანებული არიან ბერძნული სახელმწიფო მიმწოდებელი Depa და იტალიური გაზის კომპანია Edison – (2019 წლის) დეკემბერში განაცხადა, რომ საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილებას ორი წლის განმავლობაში მიიღებენ“. 

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - ამუშავდება თუ არა გაზსადენი 2020 წელს

საბერძნეთისა და იტალიის კერძო კომპანიების მხრიდან ასეთი სიფრთხილე, როგორც ჩანს, უკავშირდება სწორედ Eni-ს ნეგატიურ გამოცდილებას კვიპროსის შელფზე, რადგან ჯერ გემების დაქირავება, კრედიტის მოზიდვა, შემდეგ კი იმის ყურება, როგორ დევნიან თურქული ფრეგატები მილსადენის გაყვანაზე მომუშავე კომპანიებს – ძვირი და უსიამოვნო საქმიანობაა. მეტიც, თურქეთმა უკვე ჩაატარა მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი, როცა ვაშინგტონსა და ბრიუსელს მტკივნეულ წერტილზე დააბიჯა ფეხი თავისი სამხედრო ოპერაციით სირიის ჩრდილოეთში, რასაც რეგიონში სწორედ ამერიკელი მოკავშირეები ემსხვერპლნენ.

რა თქმა უნდა, ამერიკელი ჟურნალისტები შექმნილ ვითარებას თავისებურად ხსნიან და ის „რუსულ კვალს“ გულისხმობს: „იმის მიუხედავად, რომ თავად თურქეთი ენერგიის იმპორტიორია, თურქეთი საკვანძო სატრანზიტო ქვეყანაა ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების გზაზე, რაც თურქეთს ევროპაზე გავლენის წყაროთი უზრუნველყოფს. ევროპის ენერგომომარაგების ახალი წყაროები ამ გავლენას ასუსტებს“, – წერს „ფორბსი“.

რუსეთი მსგავს ვითარებაში პირველად არ არის და თუ მას (ან რუსულ გაზს) კვლავ გამოაცხადებენ ირიბ დამნაშავედ ამერიკული გაზისა და გეოპოლიტიკური ამბიციების ჩაშლაში, რუსეთის ნაციონალურ იმიჯს ეს სასიკეთოდაც კი წაადგება.

ავტორის მოსაზრება შესაძლოა არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას!