მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შემდეგ, სასამართლომ კიდევ ერთ სხდომაზე პროკურატურის მეორე შუამდგომლობაზე – მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე იმსჯელა
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა და თანამდებობა ჩამოერთვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბრალდებული პატიმრობას დაეთანხმა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი შედეგი დადგა. მე ვერ წარმომედგინა, რომ ასე მოხდებოდა. ჩემი მიზანი იყო, მანქანა არ წაეყვანათ და მოყვა ასეთი ტრაგიკული შედეგი, რაც ჩემი მიზანი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ჭირისუფალი ვერ გაიგებს და რა ვიცი, პატიმრობა შემიფარდეთ“, – აღნიშნა დაკავებულმა.

პოლიციამ გურიაში მომხდარი მკვლელობა გახსნა – ვიდეო

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 იანვარს, ღამის საათებში, ერთი მხრივ, მ. ჩ. და ვ. ბ. და მეორე მხრივ, მ. წ. და ზ. ფ. იმყოფებოდნენ ვარკეთილის მესამე მასივში, ე.წ. დამპალოს სასაფლაოს ტერიტორიაზე. მათ ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ ავტომობილის გამო. მ. ჩ. -სა და გარდაცვლილ მ. წ.-ს ბრალდებულ ზ. ფ.-ს საკუთარი ავტომანქანის გატაცება სურდათ. ზ. ფ. შეეცადა, შეეჩერებინა ისინი და ამ დროს ფიზიკურად გაუსწორდა მ. წ.-ს, მიაყენა მას სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.

ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შემდეგ, სასამართლომ კიდევ ერთ სხდომაზე პროკურატურის მეორე შუამდგომლობაზე იმსჯელა. გამოძიება დაკავებული პირის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა. ბრალდებული ზურაბ ფოფხაძე შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობას იკავებდა.

სამართალდამცველებმა ქუთაისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავეს>>

ადვოკატიც და ბრალდებულიც პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმნენ, რის შემდეგაც მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს თანამდებობა ჩამოართვა.