ილია მეორის საშობაო ეპისტოლე

პატრიარქის გზავნილში აღნიშნულია, რომ სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში – სიდიადე, მოყვასის მსახურებაში – სიხარული, გაცემაში – შეძენა, დათმენაში – გამარჯვება.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. მართლმადიდებლური სამყარო შობას აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ ტრადიციულად სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.

„რომ არა შენი საკვირველი შობა, კაცობრიობას არ ეყოლებოდა მაგალითი უაღმატებულესი სიყვარულისა და მშვიდობისმყოფელისა, ჭეშმარიტი მეფისა, მოძღვრისა და მასწავლებლისა, სახე უზენაესი სიმდაბლისა და თავდადებისა, ერთგულებისა და მეგობრობისა... ჩვენ, ამპარტავნებითა და განდიდების სურვილით შეპყრობილნი, საკუთარ თავს ვერასოდეს ვიპოვიდით, ეგოისტური „მეს“ მბრძანებლობას ვერ გავექცეოდით და არც დავთმობდით“, – ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში. 

საეკლესიო კალენდარი: 7 იანვარი - საშობაო ტრადიციები საქართველოში

პატრიარქის გზავნილში ასევე აღნიშნულია, რომ სწორედ იესო ქრისტემ გვასწავლა, რომ სიყვარულშია ხსნა, რომ სიმდაბლეშია – სიმაღლე, სიმარტივესა და უბრალოებაში – სიდიადე, მოყვასის მსახურებაში – სიხარული, გაცემაში – შეძენა, დათმენაში – გამარჯვება.

პატრიარქმა ღვთისმშობელს თხოვნით მიმართა, რომ შეცდომილნი შეუდგნენ ჭეშმარიტების გზას, ბოროტმზრახველთა, მოშურნეთა გულებმა სიმშვიდე იგრძნონ, დამნაშავეებმა მოინანიონ, მსჯავრდებულებმა თავისუფლების სიხარული იგრძნონ, მშივრები დანაყრდნენ, შიშვლები შეიმოსონ, სამართლიანობამ კი იზეიმოს.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში უწმინდესი წმინდა მარიამს შესთხოვს ავადმყოფთა დახმარებას, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნებას, საქართველოს საზღვრების აღდგენა–გამტკიცებას და მოსახლეობის დაცვას.

„და კიდევ ერთხელ შეგთხოვთ, მოჰფინე შენი მშვიდობა, შენი წყალობა, ურწმუნოებით დამძიმებულ მშფოთვარე მსოფლიოს; ავის და კარგის გარჩევის უნარი და სიბრძნე მოგვეც და შენი სასუფევლის მკვიდრნი გაგვხადე“, – ნათქვამია პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში.