ორსულები და სოციალურად დაუცველები „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ

მედიკამენტის მიღებისთვის აუცილებელია რეცეპტის, პირადობის მოწმობისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობის (№IV-100/ა)  წარდგენა.
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი - Sputnik. ორსულები და ის სოციალურად დაუცველი პირები, რომელთათვის მინიჭებული ქულების რაოდენობა 100 000 შეადგენს, მედიკამენტ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ, ნათქვამია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ამირან გამყრელიძე: საქართველოში გრიპის სეზონი აპრილამდე გაგრძელდება

„ტამიფლუ“ სეზონური გრიპის შემთხვევათა მკურნალობისა და გრიპის გავრცელების მართვისთვის საჭირო მედიკამენტია და მას ორსულები და სოციალურად დაუცველები სამედიცინო ჩვენების საფუძველზე უფასოდ მიიღებენ.

მედიკამენტის მიღებისთვის აუცილებელია რეცეპტის, პირადობის მოწმობისა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობის (№IV-100/ა)  წარდგენა.

ექიმის დანიშნულებით მედიკამენტის მიღება შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში დღეს დაახლოებით რვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს აქედან გრიპის ვირუსი არის „ა“ და „ბ“. „ბ“ ტიპის ვირუსი ცირკულირებს დაახლოებით 77% შემთხვევაში, დაახლოებით 11-12%-ში არის „ა“ ტიპის ვირუსი და აქედან H1N1 გახლავთ ამავე პროცენტში. გრიპის სეზონი ქვეყანაში აპრილამდე გრძელდება, ამიტომ შესაძლებელია ეს შეფარდება მომავალი სამი თვის განმავლობაში შეიცვალოს.

გრიპის გართულებების შემთხვევები საქართველოში ორჯერ შემცირდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკური მონაცემებით, გრიპითა და გრიპის მსგავსი დაავადებების მაჩვენებელმა 100 ათას ადამიანზე 312 ერთეულს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ეს მაჩვენებელი 277-ს შეადგენდა. ეპიდემიად კი მიიჩნევა კონკრეტული ვირუსით დაავადების 450-500 შემთხვევა ყოველ 100 ათას მცხოვრებზე.

2018 წლის დეკემბერსა და 2019 წლის იანვარში საქართველოში H1N1 ტიპის გრიპის ვირუსი - ე.წ ღორის გრიპი იყო მოდებული, რომელმაც 22 ადამიანი იმსხვერპლა.

საქართველოში ბოლო პერიოდში H1N1 ტიპის გრიპის ვირუსით გამოწვეული გართულებებისგან ორი ადამიანი გარდაიცვალა. ორივე შემთხვევაში პაციენტებს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდათ და არც ერთი არ იყო აცრილი გრიპზე.