გრიპის ვირუსი საქართველოში: როგორია მიმართვიანობა კლინიკებში

ქვეყანაში ძირითადად B ტიპის ვირუსი ფიგურირებს და უმეტეს შემთხვევაში გართულებებს ადგილი არ აქვს, ვინაიდან პაციენტები შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს დროულად მიმართავენ
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. საქართველოს მასშტაბით ვირუსული ინფექციები მძვინვარებს, სამედიცინო დაწესებულებები კი დღიურად 30-50 პაციენტს მკურნალობენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ვირუსული ინფექციებით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობის თვალსაზრისით მზარდი ტენდენციაა.

„ჩვენი კლინიკის მონაცემებით, კვირიდან კვირამდე მომართვიანობის თვალსაზრისით არის მზარდი ტენდენცია. მომართვიანობის ძირითადი მიზეზი ბოლო პერიოდში არის ვირუსული ინფექცია, არის დადასტურებული შემთხვევები ძირითადად „ბე“ ტიპის ვირუსული ინფექციისა, რომელსაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომატიკა: ეს არის ჰექტიური ცხელება, ნინორეა, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი. აღნიშნული სიმპტომატიკით თავსდებიან ძირითადად ჩვენთან პატარები. ჩვენს კლინიკას ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზაციის პრობლემა ჯერჯერობით არ აქვს“, - განაცხადა იაშვილის საავადმყოფოს პედიატრმა თამარ არახამიამ.

დგას თუ არა საქართველო გრიპის ვირუსის ეპიდემიის ზღვარზე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი გრიპის ვირუსით დაავადებულთა მომართვიანობა ბოლო დღეების განმავლობაში არ გაზრდილა.

ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა მაია ჟამუტაშვილმა აღნიშნა, რომ დღის განმავლობაში კლინიკას 30-35 პაციენტი მიმართავს, რომელთაგან უმეტესობა 20-დან 30 წლამდე ასაკისაა.

„დღის განმავლობაში მოგვმართავს 30-35 პროცენტი, სტაბილურად არის მომართვა და მინდა აღვნიშნო, რომ მათ შორის დაახლოებით 30-40 პროცენტ პაციენტს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, შესაბამისი, სათანადო გამოკვლევები და მკურნალობა“, - განაცხადა  მაია ჟამუტაშვილმა.

გორის დედათა და ბავშვთა კლინიკა „იავნანაში” აცხადებენ, რომ გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ ბოლო ორ კვირაში მკვეთრად მოიმატა, თუმცა ახლა კლების ტენდენცია შეინიშნება.

როგორც სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, კლინიკაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია და ვირუსული გართულებების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამირან გამყრელიძე: საქართველოში გრიპის სეზონი აპრილამდე გაგრძელდება

კლინიკაში განმარტავენ, რომ ჰოსპიტალიზაცია პაციენტების 20  პროცენტს სჭირდება. დღეის მდგომარეობით, სამედიცინო ცენტრ „იავნანაში“ ყველა საწოლი, მათ შორის სათადარიგო დაკავებულია.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომართვიანობამ მკვეთრად მოიმატა. საშუალოდ 50 პაციენტს ღებულობს კლინიკა. აქედან დაახლოებით 20 პროცენტი თავსდება სტაციონარში. რაიმე კრიტიკული შემთხვევა არ გვქონია. ახლა უფრო მიდის ტენდენცია კლებისკენ და არა მატებისკენ. ძირითად ვირუსული ინფექციის დიაგნოზით არიან პაციენტები სტაციონარში. გამოხატულია ცხელება, გულის რევა, თავის ტკივილი. საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან. რაიმე რთული შემთხვევა არ გვქონია”, - განაცხადა ცენტრის პედიატრ-ინფექციონისტმა თამილა გოგიაშვილმა.

ქვეყანაში ძირითადად B ტიპის ვირუსი ფიგურირებს და უმეტეს შემთხვევაში გართულებებს ადგილი არ აქვს, ვინაიდან პაციენტები შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს დროულად მიმართავენ.