დედაენის ბაღში ფლი მარკეტი გაიმართა

ორგანიზატორების თქმით, მათ ამ ფორმით გამოხატეს მხარდაჭერა იმ გარემოვაჭრეების მიმართ, რომლებსაც თბილისის მერია დედაენის ბაღში ვაჭრობის უფლებას არ აძლევს.
Sputnik

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. დედაენის ბაღში გარემოვაჭრეების მხარდასაჭერად ფლი მარკეტი გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქუჩის მოვაჭრეებმა თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს

ფლი მარკეტის ორგანიზატორების თქმით, შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემათ გარემოვაჭრეებს.

გარემოვაჭრეები დედაენის ბაღში იმ პროდუქციას ყიდიან, რაც საახალწლო ბაზრობისთვის ჰქონდათ შეძენილი.

გარემოვაჭრეების თქმით, თავდაპირველად მერიამ მათ გარე ვაჭრობის უფლება მისცა, თუმცა შემდეგ კვლავ აუკრძალა, ალტერნატიულ ფართად კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია შესთავაზა, რაზეც გარემოვაჭრეებმა უარი განაცხადეს.

პარლამენტთან ვაჭრობა თავად ქუჩის მოვაჭრეებსაც არ სურთ. ისინი ითხოვენ ადგილებს რესპუბლიკის მოედანზე, სადაც ახლა მიმდინარეობს სადღესასწაულო ღონისძიებები, რადგან არ სურთ ივაჭრონ შვილმკვდარი მამის - მალხაზ მაჩალიკაშვილის თვალწინ.

ფლი მარკეტის ორგანიზატორებია ლეიბორისტული პარტიის და ახალგაზრდული მოძრაობები „შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წარმომადგენლები.