„თოვლის ბაბუ! გუშინ რომ მოგწერე ის ვარ, აღარ მინდა ჩემი საჩუქარი, ნიკას მიუტანე დედა რომ მოუკვდა იმას, იმან წერა არ იცის, ოღონდ თოჯინის მაგივრად მანქანა მიუტანე.“- ალბათ ასეთია სიკეთე, რომელსაც ბავშვურსა და უანგაროს ვეძახით უფროსები. ამ ამბის მერე, კომენტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, „თოვლის ბაბუობის“ ბევრი მსურველი გამოჩნდა. ზუსტად ვერ გეტყვით რა მოხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ობოლი გოგო ერთის ნაცვლად ბევრ თოჯინას მიიღებდა...
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ქართულ ვირტუალურ სივრცეში ასეთი წერილებს შედეგად ბავშვების გახარება მოჰყვა. ერთ-ერთი პირველი ინიციატორი და დამფუძნებელი ასეთი სახალხო მოძრაობის, რომლის შემდეგაც დაარსდა საქველმოქმედო ფონდი "სიკეთე სიცოცხლისთვის" სოფი მეიშვილი გახლავთ.
- სოფი, როდის და როგორ დაიწყო ეს მოძრაობა?
- 2013 წელს, ფეისბუკზე დავწერე პოსტი: მოდი, ახალ წელს მარტოხელა ბებიებთან წავიდეთ და გავახაროთ მეთქი. ჩემს ინიციატივას იმდენი ადამიანი შემოუერთდა, რომ არც ველოდი. მაშინ ბევრი სასოწარკვეთილი მოხუცის გახარება შევძელით. მერე გაგვიჩნდა სურვილი, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებსაც დავხმარებოდით. ბავშვებს ვუთხარი: დამიწერეთ რას თხოვდით თოვლის ბაბუას მეთქი. ასე გაჩნდა მოძრაობა „სიკეთე სიცოცხლისთვის“.
- მსგავსი ტრადიცია მთელ მსოფლიოშია ცნობილი...
- დიახ, ეს ჩემი იდეა არ არის, ასეთი რამ მსოფლიო მასშტაბით კეთდება. ბოლო დროს კი, მადლობა ღმერთს და საქართველოშიც ხდება. პირველად ბავშვებმა გადმომცეს თავისი თხოვნები და აქციას „თოვლის ბაბუას წერილები“ დავარქვით. ამის მერე ასეთი რამ ტრადიციად იქცა და უკვე მერამდენე წელია, რაც მეგობრებთან ერთად ბავშვების საახალწლო სურვილებს ვასრულებ. ისინი მე მწერენ, მე ამ წერილებს ჩემს გვერდზე ვათავსებ. ყველა ირჩევს რომელიმე წერილს და ამა თუ იმ ბავშვის თოვლის ბაბუა ხდება.
- საჩუქრების დარიგება როგორ ხდებოდა?
- აქამდე ჩემთან მოჰქონდათ საჩუქრები და მე ვარიგებდი. ამჯერად „თოვლი ბაბუებს“ თავად მიაქვთ ისინი ადგილზე. თოვლის ბაბუობის სურვილი უფრო ხშირად ბებოებს უჩნდება ხოლმე. ზოგჯერ თოვლის ბებოებს არ სურთ გამოაშკარავება და მათ სურვილსაც ვითვალისწინებ, ისინი ინკოგნიტოდ რჩებიან. ვერ წარმოიდგენთ, ადგილზე რომ მივდივართ და ბავშვები საჩუქრებს იღებენ რა სიხარულია. უფრო სწორედ, მხიარული საგიჟეთია! მათი სიხარული ჩვენთვისაც გასაგებია და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ბედნიერებით გვავსებს.
- რახან სიკეთე გადამდებია-შესაბამისად, თოვლის ბაბუაც წლიდან წლამდე უფრო ბევრ წერილს იღებს...
- დიახ, მართლაც ასეა. შარშან დაახლოებით 45-მდე ბავშვი გავახარეთ, წელს ასეთი ბავშვის რიცხვი უფრო მეტია, 65-მდე იქნება. საბედნიეროდ ეს ამბავი და წამოწყება წლიდან წლამდე უფრო მასშტაბურ ხასიათს იძენს. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ამ სიკეთეში ბევრი აგვყვა... მინდა ახალი წელი მოგილოცოთ ყველას და ვისურვო, რომ არც ერთი ბავშვი არ დარჩეს თოვლის ბაბუას გარეშე და ჩვენში ბევრი თოვლის ბაბუა გამოჩნდეს იმისთვის, რომ ყველას ნატვრას ეყოს...