ინფლაცია საქართველოში: ცხოვრება ერთ წელიწადში 7 პროცენტით გაძვირდა

ინფლაცია გაიანგარიშება სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტების მიხედვით. ამჟამად სამომხმარებლო კალათა 306 დასახელების სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურებისგან შედგება.
Sputnik

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. 2019 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.0 პროცენტი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ-გვერდზე

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად ინფლაცია იზრდება

ამავე პერიოდში თამბაქოს გარეშე ინფლაციის მაჩვენებელმა, წინა თვესთან შედარებით, 0.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზე გვაქვს სამომხმარებლო ფასების 6.3-პროცენტიანი ზრდა.

ინფლაცია გაიანგარიშება სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტების მიხედვით. ამჟამად სამომხმარებლო კალათა შედგება 306 დასახელების სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურებისგან, რომლებსაც მინიჭებული აქვთ შესაბამისი ხვედრითი წონა – მთლიანი მოხმარების პროპორციულად.

306 პროდუქტი გადანაწილებულია შემდეგ სასაქონლო ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა, ჯანმრთელობის დაცვა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, დასვენება, გართობა და კულტურა, განათლება, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები, სხვადასხვა საქონელი და მომსახურება.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათზე და უალკოჰოლო სასმელებზე. ამ ჯგუფში ფასები გაიზარდა 12.3 პროცენტით, ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 15.6 პროცენტით, დასვენება, გართობა და კულტურა კი გაძვირდა 6.9 პროცენტით.

ტრანსპორტს რაც შეეხება, ამ ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.9 პროცენტიანი მატება. სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე კი ფასები 2019 წლის დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაძვირებულია 7.9 პროცენტით.