თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერი ალი ჰამენეი ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის სპეცქვედანაყოფის მეთაურის, გენერალ ქასემ სულეიმანის სიკვდილისთვის შურისძიების პირობას დებს.
„სასტიკი შურისძიება ელით მათ, ვის ხელებზეც დარჩა მისი სისხლი, ისევე როგორც სხვა მოწამეობრივად აღსრულებულთა სისხლი“, — ნათქვამია ჰამენეის განცხადებაში.
ირანის სულიერმა ლიდერმა, გენერალის დაღუპვასთან დაკავშირებით, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.
სპეცქვედანაყოფის მეთაური ქასემ სულეიმანი 2 იანვრის ღამით დაიღუპა ერაყის აეროპორტზე აშშ−ის მიერ განხორციელებული სარაკეტო შეტევისას. მასთან ერთად ასევე დაიღუპა ერაყის შიიტური ლაშქრის „ალ−ჰაშდ−აშ−შააბის“ რამდენიმე ლიდერიც.
პენტაგონში აცხადებენ, რომ ბაღდადის აეროპორტზე შეტევა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იყო ორგანიზებული. ვაშინგტონს მიაჩნია, რომ გენერალი სულეიმანი ერაყში აშშ−ის საელჩოსა და კოალიციის ბაზებზე შეტევებში მონაწილეობდა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზაფირმა გენერლის მკვლელობას „საერთაშორისო ტერორიზმის აქტი“ უწოდა.
ბაღდადში ვითარება სამშაბათს დაიძაბა, როდესაც საპროტესტო აქციის მონამწილეებმა აშშ−ის საელჩოზე შეტევის მიტანა სცადეს. ამემრიკელმა სამხედროებმა აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ერაყის პრეზიდენტმა ბარჰამ სალეჰმა დაგმო საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ აშშ−ის საელჩოზე თავდასხმა და მომხდარს თავად ერაყის „სუვერენიტეტზე შეტევა“ უწოდა.
აშშ−მა ერაყსა და სირიაში მოძრაობა „ქათაიბ ჰესბოლას“ ხუთ ობიექტზე მიიტანა იერიში. პენტაგონში განმარტეს, რომ ეს იყო პასუხი ერაყში განთავსებულ ბაზებზე თავდასხმებზე, რა დროსაც დაიღუპა აშშ-ის ერთი მოქალაქე და დაიჭრა ოთხი ამერიკელი სამხედრო.