ფრთხილად, პიროტექნიკა! ახალი წლის ღამით შვიდ ბავშვს ოპერაცია დასჭირდა

პიროტექნიკის უმეტესობას აქვს ასაკის შეზღუდვა და მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია. ხარისხიანი პიროტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს ტრანსპორტირებისა და შენახვის გარკვეულ პირობებს
Sputnik

 თბილისი, 1 იანვარი - Sputnik. პიროტექნიკის არასწორად გამოყენების შედეგად იაშვილის სახელობის კლინიკაში რვა ბავშვი მოხვდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ახალი წელი – ახალი წესები: რა ამოქმედდა საქართველოში 1 იანვრიდან

იაშვილის კლინიკის პრესსამსახურის ცნობით, ერთი ბავშვი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ხოლო შვიდს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და მკურნალობას განაგრძობს.  ყველა მათგანს დაზიანება კიდურების არეში აქვს მიღებული.

ერთ-ერთ არასრულწლოვანს  ოთხი თითის  ამპუტაცია დასჭირდა. ექიმების ცნობით, ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

წინასაახალწლოდ ე.წ. ხლაპუშკების თემა, როგორც წესი, ძალიან მტკივნეული ხდება. უკვე წლებია ახალი წლის მოახლოებასთან ერთად უბედური შემთხვევების რიცხვი იზრდება. ამ პერიოდში ქართული ბაზარი სავსეა უამრავი სახეობის პიროტექნიკით, მისი რეალიზაციის პროცესს კი არავინ აკონტროლებს.

პიროტექნიკის უმეტესობას აქვს ასაკის შეზღუდვა და მათი გამოყენება 18 წლამდე პირთათვის აკრძალულია. ხარისხიანი პიროტექნიკა უნდა აკმაყოფილებდეს ტრანსპორტირებისა და შენახვის გარკვეულ პირობებს.