პირველი იანვრიდან საოჯახო სასტუმროებისთვის წყლის სპეცტარიფი ამოქმედდა

სემეკის გადაწყვეტილება არ შეეხება ბინებს, რომლებიც ქირავდება განსაზღვრული პერიოდულობით, მათ შორის, სხვადასხვა საიტის საშუალებით
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი — Sputnik.  2020 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ საოჯახო სასტუმროებისთვის დამტკიცებული სასმელი წყლის ახალი ტარიფის მოდელი, ე.წ. ჰიბრიდული ტარიფი, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ახალი ტარიფი შეეხება მხოლოდ იმ ტიპის საოჯახო სასტუმროებს, რომლის მფლობელებიც არიან ფიზიკური პირები და სასმელ წყალს ყიდულობენ როგორც საკუთარი საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, ასევე მის საცხოვრებელ ადგილზე ტურისტთა განსათავსებლად, მათი სისტემატური და ორგანიზებული მომსახურებისთვის. 

საქართველოში 1 იანვრიდან შემწეობა და პენსიები გაიზარდა

სემეკმა  ორი ტიპის მოდელი დაამტკიცა, საიდანაც საოჯახო სასტუმროს მფლობელმა ერთ-ერთი უნდა მოითხოვოს. 

პირველი მოდელის თანახმად, ობიექტზე სასმელი წყლის მოხმარება ერთობლივად აღირიცხება და ამ შემთხვევაში არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობას, რაც აღემატება თვის განმავლობაში 25კუბამეტრს.

მეორე მოდელი კი სასმელი წყლის მოხმარების განცალკევებულად აღირიცხვას გულისხმობს ობიექტის იმ ნაწილზე, სადაც ტურისტებს ემსახურებიან. ამ შემთხვევაში საოჯახო სასტუმროში ორი მრიცხველი იქნება - საყოფაცხოვრებო (საკუთარი) მოხმარებისთვის და ტურისტებზე დახარჯული წყლისთვის და არასაყოფაცხოვრებო ტარიფიც მხოლოდ მას დაერიცხება.

სემეკის გადაწყვეტილება არ შეეხება ბინებს, რომლებიც ქირავდება განსაზღვრული პერიოდულობით, მათ შორის, სხვადასხვა საიტის საშუალებით (AirBnB, booking.com და სხვა ). შესაბამისად, პირები, რომლებიც აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად, ასევე გრძელვადიან პერიოდში და თავად ამ ბინაში არ ცხოვრობენ, კვლავაც სასმელი წყლისთვის საყოფაცხოვრებო ტარიფით გადაიხდიან.