თურქეთში დაშავებული საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ბრუნდებიან

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღო საქართველოს ერთმა მოქალაქემ, რომელსაც უკვე ჩაუტარდა ოპერაცია
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თურქეთში ქალაქ ჩანქირთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს 25 მოქალაქე სამშობლოში გამოემგზავრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ

საქართველოს მოქალაქეები თბილისიდან სტამბოლში მიმავალ ავტობუსში ისხდნენ, რომელიც დღეს ავარიაში მოყვა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღო საქართველოს ერთმა მოქალაქემ, მას უკვე ოპერაცია ჩაუტარდა.

„დაშავებული მოქალაქე ჩანქირის საავადმყოფოში მოინახულა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამშრომელმა. დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზე რჩება როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან, ასევე სატრანსპორტო კომპანიასთან და საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებთან. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ილგაზის რაიონში დღეს დილით ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და ტრაილერი შეეჯახნენ, რა დროსაც თურქეთის ერთი მოქალაქე გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა. გარდა ამისა, შედარებით მსუბუქად დაშავებულია 21 მგზავრიც. გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსში მყოფი 31 მგზავრიდან უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.