თბილისში სერბეთის საპატიო საკონსულო გაიხსნება

თბილისში სერბეთის საკონსულოს გახსნის შესახებ განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა.
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. თბილისში სერბეთის რესპუბლიკის საპატიო საკონსულო გაიხსნება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საკონსულო დაწესებულების ამოქმედებაზე თანხმობა საქართველოს მთავრობამ გასცა. შესაბამის განკარგულებაში, რომელსაც ხელი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მოაწერა, ნათქვამია, რომ საკონსულო საქართველოს მთელ ტერიტორიას დაფარავს.

საქართველოსა და სერბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1996 წლის 26 ივნისს დამყარდა. წელს ბელგრადში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა.

ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი ძალაში გასული წლის მარტში შევიდა.