საქართველოში ერთთვიანი „უჩიპო" პირადობის მოწმობების გაცემა დაიწყება

საკონსტიტუციო სასამართლოში ID ბარათების გაცემის საქმეზე სარჩელის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით დროებით უბრალო პირადობის მოწმობების გაცემა იწყება.
Sputnik

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეებისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემის დროებითი წესები ამოქმედდა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე.

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ მიიღო წარმოებაში საქართველოს ორი მოქალაქის სარჩელი, რომელთა აზრით, მორწმუნეთათვის მიუღებელია მხოლოდ „ჩიპიანი" პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემა. სასამართლომ მხოლოდ იმ ნორმის კონსტიტუციურობის განხილვა გადაწყვიტა, რომელიც შეეხება პირადობის მოწმობას, გადაწყვეტილების მიღებამდე კი ამ ნორმის მოქმედება შეჩერებული იქნება.

საქართველოში „ჩიპიანი" პირადობის მოწმობების შესახებ ნორმის მოქმედება შეჩერდა

სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტრომ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რელიგიური მრწამსიდან გამომდინარე უარს აცხადებენ „ჩიპიანი" პირადობის მოწმობის მიღებაზე, დოკუმენტის გაცემის წესები შეცვალა.

უწყების განკარგულების თანახმად, ამ შემთხვევაში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს მისი აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთ შემთხვევაში ეს მოქალაქეები ჩვეულებრივ, „ლამინირებულ" პირადობის მოწმობას მიიღებენ, რომლის მოქმედების ვადა ერთი თვეა. თუმცა, საიდან უნდა წარმოადგინოს მოქალაქემ „აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტი“, იუსტიციის სამინისტრო არ აკონკრეტებს.

საქართველოში პირადობის ახალი მოწმობები საქართველოში 2011 წელს გამოჩნდა. მისი საშუალებით შესაძლებელია ადამიანის დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით იდენტიფიცირება, საქართველოში იურიდიული ძალის მქონე ელექტრონულ დოკუმენტებზე ციფრული ხელმოწერის გაკეთება.

ID-ბარათით საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ. საქართველო–თურქეთის საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთის შესახებ შეთანხმება ასევე 2011 წლიდან მოქმედებს.