წელს პირველად კურორტ გოდერძიზე გაზი აინთო

გოდერძი საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა სამთო–სათხილამურო კურორტია, იგი ოფიციალურად 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnik. მაღალმთიან აჭარაში ისტორიული პროექტი განხორციელდა – წელს პირველად კურორტ გოდერძიზე გაზი აინთო, ნათქვამია შესახებ აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამთო-სათხილამურო კურორტი ბუნებრივ აირს ახლადაშენებული მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით მიიღებს.

„ადიგენი-გოდერძის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა რვა თვეში დასრულდა. გაზსადენის მშენებლობა საქართველოს და აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარების მიზნით განხორციელდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში წლის შედეგები შეაჯამეს

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო პროექტების მშენებლობა ხორციელდება. დღეს გაიხსნა ახალი ტურისტული დანიშნულების ობიექტები, ლაუნჯი, სათხილამურო აკადემია, ყინულის მოედანი. მოეწყო თანამედროვე სტანდარტის სასტუმროები და განახლდა არსებული კოტეჯები.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ახალი, 33 კილომეტრიანი გაზსადენი  „ადიგენი-გოდერძის" მშენებლობა დაიწყო მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო. გაზსადენის დიამეტრი 300 მმ-ია.

მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა ბუნებრივ აირს უფასოდ მიიღებს >>

გოდერძი საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა სამთო–სათხილამურო კურორტია, იგი ოფიციალურად 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა. ის აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, შავი ზღვის სანაპიროდან 100 და თბილისიდან 260 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

გოდერძი ზღვის სიმაღლიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და აჭარის ყველაზე მაღალ წერტილად მიიჩნევა. ჯერჯერობით გოდერძიზე გართობის ინდუსტრია ნაკლებად არის განვითარებული, სამაგიეროდ თოვლის საფარის სისქე ხშირად ორ მეტრს აჭარბებს, რაც საქართველოს სხვა ზამთრის კურორტებთან შედარებით სამჯერ მეტია.