მსოფლიო დღეს

დონბასში მხარეებმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა დაადასტურა, რომ დონბასში ტყვეების გაცვლის ფარგლებში კიევს 76 ადამიანი გადასცეს
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი - Sputnik. დონეცკის თვითგამოცხადებულმა სახალხო რესპუბლიკამ და კიევმა დონბასში ტყვეების გაცვლის პროცედურა დაასრულეს, გადაცემული ადამიანების წინასწარი რაოდენობა უკვე ცნობილია, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.

მინსკის დროით 16:50 საათის მდგომარეობით, დონეცკის თვითგამოცხადებულმა სახალხო რესპუბლიკამ კიევს 51 ადამიანი გადასცა, სანაცვლოდ კი 61 მომხრე დაიბრუნა.

დონბასში მხარეებმა ტყვეები გაცვალეს

გარდა ამისა, გაცვლის ფარგლებში ლუგანსკის თვითგამოცხადებულმა სახალხო რესპუბლიკამ კიევს 25 ადამიანი გადასცა და 63 ადამიანი დაიბრუნა.

გაცვლის შეთანხმებული ფორმულით, კიევს უნდა გადაეცეს დაახლოებით 80 ადამიანი, დონბასის რესპუბლიკებს - დაახლოებით 120. ამგვარად, ჯერჯერობით გაცვლის ფორმულამ „124 76-ზე“ შეადგინა.

დონბასში მხარეებმა ტყვეები გაცვალეს

როგორც ადგილიდან მედია იტყობინება, ამჟამად დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის მომხრეები და უკრაინის ძალოვნები ავტობუსებში იმყოფებიან, მანქანები მზად არიან დატოვონ ქალაქ გორლოვკასთან საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორია.

გაცვლის პროცედურის ფარგლებში ადგილზე იმყოფებოდნენ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და ეუთოს წარმომადგენლები, მათ შორის დონბასში ჰუმანიტარული ქვეჯგუფის კოორდინატორი ეუთოდან ტონი ფრიში.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ტყვეების პირველი მასშტაბური გაცვლაა, რომელიც „ყველა ყველაზეს“ ფორმატში ჩატარდა.

კიევი ადასტურებს

ბოლო მონაცემებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა დაადასტურა, რომ დონბასში ტყვეთა გაცვლის ფარგლებში კიევს 76 ადამიანი გადასცეს.

„დაკავებულ პირთა ორმხრივი გათავისუფლება დასრულდა. ჩვენი 76 პირი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უსაფრთხოებაშია“, - ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში, რომელიც Telegram-ში გავრცელდა.

ევროპა მიესალმება გაცვლის ფაქტს

საფრანგეთი და გერმანია მიესალმებიან დონბასში ტყვეთა გაცვლას, ნათქვამია უკრაინაში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

„საფრანგეთი და გერმანია მიესალმებიან 76 უკრაინელი ტყვეს გათავისუფლებას და უერთდებიან მათი ოჯახებისა და ყველა უკრაინელის სიხარულს. ჩვენ მივესალმებით ამ ახალ ნაბიჯს, რომელიც მოყვა „ნორმანდიული ოთხეულის“ ბოლო სამიტს და მოვუწოდებთ მხარეებს ყველა ვალდებულების შესრულებისკენ, რომლებიც 9 დეკემბერს პარიზის სამიტზეა ნაკისრი“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში Twitter-ში.