ოთახის მცენარეები - მოვლის წესების დარღვევა

არახელსაყრელი პირობები, არასაკმარისი და არასათანადო მოვლა მყისიერად აისახება მცენარეზე გარეგნულად და თუ დროულად არ გამოვასწორეთ, შესაძლოა დაგვეღუპოს კიდეც.
Sputnik

მცენარეც ცოცხალი ორგანიზმია და მასაც ისევე ტკივა, როგორც სხვა ცოცხალ ორგანიზმს. თავის გასაჭირს კი ფოთლების გაყვითლებით, ჭკნობით, ყვავილების და კოკრების მოჭკნობითა და სხვა ნიშნებით გვამცნობს.

არა ერთი გარემო ფაქტორია, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს მცენარეზე:

მიწის გამოშრობა - ბევრი მცენარე ვერ იტანს მიწის გამოშრობას და სწრაფადვე რეაგირებს ამაზე (წიწვოვანები, გვიმრებიმ პალმები);

მიწის გადატენიანება - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზომიერი მორწყვა ზამთარში. ზედმეტი წყალი ხშირად ფოთლების ჩამოწევას იწვევს და წყლის ნაკლებობის იმიტაციას ქმნის. დამატებით მორწყვა ასეთ დროს მიწის გადატენიანების მიზეზი ხდება. მცენარე უნდა მოირწყას, თუ მიწის ზედა ფენა 0,5-1 სმ-ზე მშრალია და თითით მოსინჯვისას მიწის ნაწილაკები თითზე არ ეკრობა; 

ცივი ღამეები - მცენარეებზე უარყოფითად მოქმედებს დღე-ღამური ტემპერატურების მკვეთრი ცვლილება. განსაკუთრებით ფანჯარასთან მდგომ მცენარეებზე. ნაწილობრივი სიცივისგან მცენარეს თიხის ქოთანზე უკეთ პლასტმასის ქოთანი იცავს, რადგან აკავებს სითბოს;

ძლიერი მზის სინათლე - ბევრი მცენარე ვერ იტანს მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებას. აუცილებელია ზაფხულში მცენარეების დაჩრდილვა;

ცხელი, მშრალი ჰაერი - ოთახის და შენობის გათბობა ამცირებს ჰაერის ტენიანობას და ზრდის ტემპერატურას, რაც უარყოფითად მოქმედებს მცენარეზე;

ორპირი ქარი - იწვევს მცენარეების გადაცივებას და კვდომას;

არასაკმარისი განათება - სინათლის ნაკლებობისას მცენარე კარგავს დეკორატიულ იერს, იწელება, არ ყვავის, მაგრამ არც კვდება. თუ მოყვავილე მცენარე ოთახის ბნელ კუთხეში დგას, სრულფასოვანი განვითარებისთვის პერიოდულად საჭიროა მისი გატანა 1-2 კვირით განათებულ ადგილზე, ან ხელოვნური განათების მოწყობა.

    

სტრესული ფაქტორების ზემოქმედებით გამოწვეული ცვლილებები მცენარეებში გარეგნულად ასე ვლინდება:

მცენარის ზედა ფოთლები მტკიცეა, მაგრამ, კარგავს მწვანე ფერს და ყვითლდება - იწვევს კალციუმის ჭარბი კონცენტრაცია ნიადაგში, ან ხისტი წყლით მორწყვა;

ფოთლები კარგავს ბზინვარებას, გამოიყურება უსიცოცხლოდ - იწვევს ინტენსიური განათება, ან ობობისებრი ტკიპა;

წერტილები და ლაქები ფოთლებზე: 1) თუ ლაქები მშრალი და ყავისფერია, წყლის ნაკლებობის ბრალია; 2) დაზიანებული უბნები რბილია, მუქი ყავისფერი - გადატენიანების; 3) თეთრი, ან ყვითელი ლაქები - ძალიან ცივი წყლით მორწყვის, მზით დაწვის, ან მავნებლების ბრალია; 4) შავი წვრილი წერტილები ფოთლის ქვედა, ან ზედა მხარეზე - სოკოვანი დაავადებების. 

ფოთლის შემხმარი წვერები, ან კიდეები - ყველაზე ხშირი მიზეზი ჰაერის სიმშრალე, ან მექანიკური დაზიანებაა (ხელით ხშირი შეხება, ფოთლის გახევა და სხვ.);

ფოთლის კიდეები ყვითელი, ან მოყვითალო-მოყავისფრო - იწვევს გადატენიანება, არასაკმარისი მორწყვა, სინათლის ნაკლებობა, ან სიჭარბე, ჰაერის დაბალი ტემპერატურა, ჰაერის სიმშრალე, მინარალების სიჭარბე მიწაში და სხვ.

ფოთლები იხვევა და ცვივა - იწვევს სითბოს ნაკლებობა, ნიადაგის გადატენიანება, ორპირი ქარი;

ფოთლები ძირს არის დაშვებული, „ჩამოყრილი ყურები“ - იწვევს მიწის გამოშრობა, გადატენიანება, სინათლის სიჭარბე, ჰაერის სიმშრალე, არასაკმარისი ზომის ქოთანი, ან მავნებლები;

ფოთლების უეცარი ცვენა - წინა პერიოდის გარეშე ფოთლების უეცარი ცვენა, ან შეფერვის დაკარგვა შეიძლება გამოწვეული იყოს მცენარის მიერ სტრესის გადატანით. სტრესს იწვევს ნიადაგის გამოშრობა, პირობების მკვეთრი ცვლილება: სხვა ადგილზე, ან სხვა შენობაში გადატანა, ორპირი, ტემპერატურის მკვეთრი დაცემა, ცივი წყლით მორწყვა, დღის საათებში განათების მკვეთრი მატება და სხვ.;

ფოთლები ყვითლდება და ცვივა - იწვევს არასაკმარისი სინათლე, მაღალი ტემპერატურა, მიწის გადატენიანება, ორპირი. პერიოდულად ქვედა ფოთლები ყველა მცენარეს უყვითლდება და ცვივა, ეს ბუნებრივი მოვლენაა და არ უნდა აგვერიოს რაიმე მიზეზით გამოწვეულ ცვენაში;

ქვედა ფოთლები შრება და ცვივა - იწვევს სინათლის ნაკლებობა, ჰაერის მაღალი ტემპერატურა, არასაკმარისი მორწყვა;

მცენარე საერთოდ არ იზრდება, ან იზრდება ძალიან ნელა - ზამთარში ეს მოვლენა ბევრი მცენარისთვის ბუნებრივია. თუ მცენარის ზრდა შეჩერებულია გაზაფხულზე, მიზეზი შეიძლება იყოს კვების უკმარისობა, სინათლის ნაკლებობა, მორწყვის რეჟიმის დარღვევა, ან პატარა ზომის ქოთანი;

წვრილი, მკრთალი ფოთლები და გაწელილი ღეროები - იწვევს ცუდი განათება, მინერალების ნაკლებობა. ზამთარში ასე გაწელილ ფოთლებს და ღეროებს ხშირ შემთხვევაში სხლავენ. ამ დროს დატოტვა ინტენსიური ხდება და მცენარე იძენს დეკორატიულ იერსახეს;

ბუტონების ცვენა - იწვევს ნიადაგის გამოშრობა, ან პირობების მკვეთრი ცვლილება: სხვა ადგილზე, ან სხვა შენობაში გადატანა, გადარგვა, ნიადაგის შეცვლა, ორპირი, ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. ბევრ მცენარეში ბუტონების ცვენას იწვევს განათების შეცვლა ბუტონიზაციის ფაზაში, როდესაც მცენარეზე იწყება კოკრების განვითარება და ყვავილობა. ამიტომ უმჯობესია მოყვავილე მცენარეს თუ არ შეეხებით.

მცენარე არ ყვავის - მიზეზი შეიძლება იყოს განათების ნაკლებობა, ნათელი დღის სიმცირე, მოსვენების პერიოდის დარღვევა, მიწის შემადგენლობის ცვლილება და სხვ.;

ჭრელი ფოთლები ხდება მწვანე, ან მკრთალი - იწვევს სინათლის ნაკლებობა, ან ნიადაგში აზოტის სიჭარბე. დაამატეთ სინათლე, მაგრამ არ დადგათ ერთბაშად მკვეთრად განათებულ ადგილზე;

ფოთლის წვერების გაყვითლება - იწვევს კალიუმის სიჭარბე;

მოყვითალო-მოყავისფრო ფერის ფოთლები - იწვევს ხისტი, ან ქლორიანი წყლით მორწყვა;

ბაცი მწვანე, მოთეთრო, მოზაიკური ფოთლები - იწვევს რკინის, სპილენძის, ან გოგირდის სიმცირე;

ფოთლის ფირფიტა ღია მოთეთრო მწვანე, ძარღვების გასწვრივ მწვანე - იწვევს წყალში ქლორის, ან კალციუმის სიჭარბე, რკინის და აზოტის საერთო დეფიციტი, ნიადაგის შეუთავდებელი მჟავიანობა, ფესვების დაავადება, ზაფხულში - სინათლის სიმცირე და სხვ.;

ყვავილების სწრაფი ჭკნობა - მიზეზია არასაკმარისი მორწყვა, ჰაერის სიმშრალე, სინათლის სიმცირე, ან ჰაერის მაღალი ტემპერატურა;

ფოთლების და ღეროების ლპობა - იწვევს ნიადაგის გადატენიანება ზამთარში. განსაკუთრებით ჰაერის დაბალ ტემპერატურაზე;

ფოთლების კიდეების დახევა, ხვრელები და ხაზები ფოთლის ფირფიტაზე - იწვევს მექანიკური დაზიანება და მავნებლები;

ფოთლების დახუჭუჭება და ხაოიანი ზედაპირი - იწვევს ქლორის უეცარი მოქმედება, ან მაგნიუმის, კალიუმის, ფტორის ნაკლებობა ზრდასრულ მცენარეებში. ნორჩ მცენარეებში კი მოლიბდენის, ბორის, სპილენძის, ან მაგნიუმის ნაკლებობა;

მინისებური ნაფიფქი ფოთლებზე, ყავისფერი, ნაწილობრივ მშრალი ლაქები - იწვევს არახელსაყრელი ტენიანობის პირობები, მორწყვის სიჭარბე, მაღალი ტენიანობა, სუფთა ჰაერის ნაკლებობა, დაბალი ტემპერატურა, ან სინათლის ნაკლებობა;

მწვანე ნაფიფქი ქოთანზე - ნიადაგის გადატენიანება, ან ცუდი დრენაჟი;

თეთრი ნაფიფქი ქოთანზე - ხისტი წყლით მორწყვა, ან მინერალური ნივთიერებების სიჭარბე.

მიწა არ არის გამომშრალი, ან გადატენიანებული, არ ჩანს მავნებელი და დაავადების გამომწვევი, მაგრამ მცენარემ მოიწყინა - დაათვალიერეთ, ხომ არ არის დაზიანებული ფესვები. მოწყენის მიზეზი ქოთნის სიმცირე და მიწის უკმარისობაც შეიძლება იყოს. ასეთ შემთხვევაში მცენარე მოზრდილ ქოთანში, კარგად განოყიერებულ მიწაში უნდა გადაიტანოთ.

ქოთანი და მიწა საკმარისია, ფესვები კარგ მდგომარეობაშია, მცენარე კი მაინც მოწყენილი - მიზეზი შეიძლება იყოს ჰაერის სიმშრალე, სინათლის ნაკლებობა, მცენარეზე დალექილი მტვერი. პერიოდულად აუცილებელია ასეთ შემთხვევაში ჰაერის დატენიანება და მცენარეზე წყლის სუსტი ჭავლით, ან სველი ჩვრით მტვრის ნაწილაკების მოცილება.

ეს არის მცენარეზე იოლად შესამჩნევი ნიშნების მხოლოდ ნაწილი. არანაკლებ გავლენას ახდენს მცენარეებზე ნიადაგური ფაქტორი. ზიანის მხრივ კი უფრო მნიშვნელოვანია მავნებელ-დაავადებები, რომლებიც აზიანებს არა მარტო ფოთლებს, არამედ ყვავილებს, ღეროებს, ფესვებს და სხვა ნაწილებს. მავნებელ-დაავადებების შემჩნევა იოლია, სხვადასხვა ფერისა და ფორმის სპორების, ექსკრემენტების, კვერცხების, გამონაყოფების, ბუგრების, ჭუპრების და დაზიანებულ მცენარეზე დატოვებული ნიშნების მიხედვით.