საქართველოს მთავრობამ 1 050 დევნილ ოჯახს სახლი შეუსყიდა - ოჯახი თავად ირჩევს სახლს

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახი თავად არჩევს სახლს მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. წელს სახელმწიფომ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში 1 050 დევნილ ოჯახს სახლი შეუსყიდა, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში დევნილი ოჯახისთვის გადაცემული სახლი მოინახულა.

ემზარ სუბელიანის ოჯახს სააგენტომ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, კერძო სახლი და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი შეუსყიდა.

„სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახი თავად არჩევს სახლს მიწის ნაკვეთით, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სააგენტო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის. თანხის რაოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება.