„ძალიან გთხოვთ“ - რუსმა ომბუდსმენმა ესტონელ კოლეგას Sputnik-ზე ზეწოლის გამო მიმართა

მოსკოვში მიიჩნევენ, რომ მუქარები „Sputnik-ესტონეთის“ თანამშრომლების მისამართით ჟურნალისტების პროფესიულ უფლებებს არღვევს.
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო „Sputnik-ესტონეთთან“ არსებული სიტუაცია შეშფოთებას იწვევს, რადგან საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ თანამშრომლებს კანონთან დაკავშირებით პრობლემები არ აქვთ, განაცხადა რუსეთის ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ.

სიტყვის თავისუფლება ესტონურად: Sputnik-ის თანამშრომლებს შესაძლოა ბრალი წაუყენონ >>

მან მიმართა ესტონეთის სამართლის კანცლერ იულა მადიზეს თხოვნით, უზრუნველყოს საინფორმაციო სააგენტო „Sputnik-ესტონეთის“ ჟურნალისტების უფლებები, იუწყება РИА Новости.

„პატივცემულო ქალბატონო მადიზე, თქვენი მანდატის ფარგლებში, გთხოვთ, ხელი შეუწყოთ პრესის თავისუფლებისა და საინფორმაციო სააგენტო „Sputnik-ესტონეთის“ ჟურნალისტების უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მუშაობის ხელსაყრელი პირობების შექმნას“, - ნათქვამია მოსკალკოვას მიმართვაში.

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ ესტონეთის ხელისუფლებამ სიტყვის თავისუფლების საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, უნდა უზრუნველყოს არამარტო ჟურნალისტების უსაფრთხოება, არამედ ისინი პროფესიული საქმიანობისთვის ზეწოლისა და დევნისგან გაათავისუფლოს.

სიტუაცია Sputnik-ის ირგვლივ

ესტონეთი - ბალტიის ქვეყნებიდან ერთადერთია, სადაც Sputnik-ის სრულფასოვანი რედაქცია და ოფისი არსებობს. იქ 35 ადამიანი მუშაობს, მათგან 33 - ბალტიისპირეთის სახელმწიფოს მოქალაქეები არიან, რომლებსაც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიასთან“ შრომითი ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. სააგენტო ყოველთვიურად ესტონეთის ბიუჯეტში გადასახადის სახით დაახლოებით 30 ათას ევროს რიცხავს.

დეკემბრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ „Sputnik–ესტონეთის“ თანამშრომლებმა პირდაპირი მუქარის შემცველი წერილები მიიღეს ქვეყნის სასაზღვრო დაცვისა და პოლიციის დეპარტამენტიდან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2020 წლის 1 იანვრამდე არ შეწყვეტენ თანამშრომლობას სათავო ორგანიზაციასთან – საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-სთან, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრება. აღნიშნული ქმედებების საფუძვლად დასახელებულია სანქციები, რომლებიც ევროკავშირმა 2014 წლის 17 მარტს დაუწესა მთელ რიგ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე.