თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. მომავალი წლის სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგების შრომითი ანაზღაურება გაიზრდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე.
კახა კალაძემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს დღეს ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა და ორი წლის საქმიანობის ანგარიში ჩააბარა.
პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა – ხელფასები და პენსიები იზრდება>>
თბილისის მერის თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში აღნიშნული თანხა უკვე გათვალისწინებულია.
„ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ხელფასების მატება ცენტრალიზებულად მოხდება. პრემიერ-მინისტრმა უკვე გააკეთა განცხადება და სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს მომატებული ხელფასები ექნებათ, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია... ადამიანებს, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული ჩვენს შვილებზე, მომავალ თაობებზე, მათი ხელფასი შრომის შესაბამისი არ იყო. აღნიშნული თანხა, რა თქმა უნდა, მომავალ ბიუჯეტში ასახული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2020 წლიდან სკოლის პედაგოგების პარალელურად, ანაზღაურება საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ საბავშვო ბაღების მასწავლებლებსაც.