მსოფლიო დღეს

საქართველოდან მიმავალი და ავარიაში მოყოლილი ავტობუსის მძღოლი პოლიციამ დააკავა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების მოთხოვნების შეუსაბამო მომსახურების გაწევის მუხლით
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი - Sputnik. რუსეთის პოლიციამ დააკავა საქართველოდან მიმავალი ავტობუსის მძღოლი. ავტობუსი ლიპეცკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა, იუწყება РИА Новости შსს-ს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენელზე დაყრდნობით.

შემთხვევა ხუთშაბათს, 18:40 საათზე სტანოვლიანსკის რაიონის დასახლებული პუნქტის მახლობლად მოხდა. მოლიპულ გზაზე გადაყირავდა მოსკოვი-თბილისის ავტობუსი, რომელშიც 19 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის, ორი მძღოლი და ერთი ბავშვი. ორი ადამიანი დაიღუპა, რვა დაშავდა. დაშავებულები ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

გამოძიების ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ერთ-ერთი ვერსიით, ავარიის მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ცუდი ამინდი და მოყინული გზა.

საქართველოს კონსულმა რუსეთში ავარიისას დაშავებულები მოინახულა

პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე მუხლით - „საგზაო მოძრაობისა და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რასაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა“.

შსს-ს წარმომადგენლის განცხადებით, 60 წლის დაკავებული მძღოლის მიმართ აღკვეთის ღონისძიება იქნება გამოყენებული.

ამავდროულად, რუსეთის საგამოძიებო სამმართველოს წარმომადგენლები საუბრობენ ტექნიკური ხასიათისა და ავტობუსის ექსპლუატაციის წესების დარღვევაზე.

საგამოძებო სამმართველომ საქმე აღძრა მუხლით - „მომსახურების გაწევა, რომელიც არ შეესაბამება უსაფრთხოების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობისა და სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რასაც გაუფრთხილებლობით ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა“.