საქართველოს საგარეო უწყება ყაზახეთს მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით უსამძიმრებს

ავიაკომპანია Bek Air-ის თვითმფრინავის კატასტროფის დროს ბორტზე მყოფი 98 ადამიანიდან 12 ადამიანი დაიღუპა.
Sputnik

თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქალაქ ალმათიში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით, რომელიც პარასკევს, 27 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა: არის მსხვერპლი – ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გულწრფელად უსამძიმრებს მეგობარ ყაზახ ხალხს, თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს", – ნათქვამია განცხადებაში.

ავიაკატასტროფა ადგილობრივი დროით 07:22 საათზე მოხდა. ავიაკომპანია Bek Air-ის თვითმფრინავმა, რომელიც ალმათიდან ქალაქ ნურ-სულტანის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენისას სიმაღლე დაკარგა და მიწაზე ორსართულიან ბეტონის ნაგებობას შეეჯახა.

თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 93 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი.

გამოძიება „სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო ან პირადი ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის" მუხლით მიმდინარეობს.

ავიაკატასტროფის გამოძებაში მონაწილეობას სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტი და ჰოლანდიური მწარმოებელი ქარხნის წარმომადგენლები მიიღებენ.