თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, შეინიშნება დადებითი დინამიკა, განუცხადა ჟურნალისტებს ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია თბილისის ცენტრში 19 დეკემბერს საღამოს დაჭრეს. დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. მას ორი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზე იმყოფებდა და ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ჯაბაურის თქმით, ცოტნე გამსახურდიას დღეს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ახლა გაუკეთეს კომპიუტერული ტომოგრაფია. გადაწყდა, ცოტა ადრე გაეკეთებინათ, ხვალ დილით ვაპირებდით, მაგრამ მცირე უმნიშვნელო მიზეზების გამო ჩავატარეთ დღეს. შეინიშნება დადებითი დინამიკა, მცირე გაუმჯობესება არის, რამდენადაც დრო ამის საშუალებას გვაძლევს, რამდენიმე დღეა გასული და ველოდებით ახლა მაინც უცხოეთში გადაყვანას, რომ მოსალოდნელი გართულებებისთვის მზაობა იყოს“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე დამატებით ქირურგიული ჩარევა დაგეგმილი არ არის.
„გადაყვანა დღის წესრიგში დგას, თუმცა დადებითი დინამიკა შეინიშნება. მძიმედ რჩება, მაგრამ არის სტაბილური. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება ჯერჯერობით, ამისთვის არანაირი საჭიროება არ ჩანს“, – განაცხადა გამსახურდიას მეუღლემ.
კონსტანტინე გამსახურდია: ყუფარაძეს მთელი ამ დროის განმავლობაში თითი ეჭირა ჭრილობაზე >>
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს ხუთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე აგრძელებს.