წყალტუბოს გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

გეგმაზე მუშაობის პირველი ფაზის დროს, საჯარო განხილვებზე დაზუსტდება არსებული ობიექტების რემონტისა და ახალი მშენებლობების მიზანშეწონილობა.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. რეგიონული განვითარების სამინისტრომ წყალტუბოს განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოაცხადა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

წყალტუბოს გენგეგმის შემუშავებაზე კონკურსი გამოცხადდა

თავის დროზე წყალტუბო 22 სანატორიუმითა და 9 ბალნეოლოგიური აბაზანით ძლიერ კონკურენციას უწევდა არა მარტო რეგიონის, არამედ აღმოსავლეთ ევროპის მსგავს კურორტებს. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებში წყალტუბოს სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად გავერანდა. ამის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა კურორტის აღორძინების გეგმა წარმოადგინა.

საკონკურსო წინადადებების მიღება 2020 წლის 22 იანვარს დაიწყება და 2020 წლის 27 იანვარს დასრულდება. გეგმა 240 დღის ვადაში უნდა შემუშავდეს.

„მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული გეგმები აუცილებელია კურორტის ქაოსური, უსისტემო განაშენიანებისგან დაცვის, მისი იერსახის შენარჩუნება-გაუმჯობესების, სატრანსპორტო ქსელის და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით. ამის შედეგად ქალაქი ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო და  ტურისტულად მიმზიდველი გახდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პირველ ეტაპზე, ტენდერის გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან ორ თვეში განისაზღვრება კურორტის ცენტრალურ ნაწილში არსებული საინვესტიციო ობიექტების განვითარების პარამეტრები, რათა მათი საპრივატიზაციოდ გატანა გახდეს შესაძლებელი.

გარდა ამისა, გეგმაზე მუშაობის პირველი ფაზის დროს დაზუსტდება არსებული ობიექტების რემონტისა და ახალი მშენებლობის მიზანშეწონილობა. ასევე გაანალიზდება კურორტის განვითარების საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნის შესაძლებლობები.

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოსყიდვას გეგმავს

სახელმწიფო მზად არის გადაიხადოს გენგეგმაში 490 ათასი ლარი (დღგ-ის გარეშე). განაცხადების განხილვისას გათვალისწინებული იქნება ტექნიკური წინადადებების შესაბამისობა, სპეციალისტების გამოცდილება და კვალიფიკაცია და ორგანიზაციის პოტენციალი.

მიმდინარე წლის ოქტომბერში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტის აღორძინების მასშტაბური პროექტი დააანონსა.

ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება პირადი სახსრებით დაიწყოს და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განახორციელოს არა მხოლოდ ამჟამად სრულიად ამორტიზებული ტურისტული და სამკურნალო ინფრასტრუქტურის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია, არამედ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნით და დაცვით უზრუნველყოს მისი განვითარება.