ნიჩბისში კაკლის გადამამუშავებელ საწარმოს ააშენებენ

კომპანია „ჯი ი ინვესტმენტ კორპს" ქარხნის ასაშენებლად 30 ათასი კვადრატული მეტრი მიწა სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისში ნუშისა და კაკლის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, საწარმოს ასაშენებლად ინვესტირებული იქნება 1,54 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო კომპანია „ჯი ი ინვესტმენტ კორპს" ქარხნის ასაშენებლად სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცემა 30 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწა.

მეტი ინვესტიცია და სამუშაო ადგილი: წარმოდგენილია პროექტის „აწარმოე საქართველოში" სტრატეგია

კომპანია ნედლეულს ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩაიბარებს.

სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა და მიმართულია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისკენ. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე დასახელების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის ბიზნეს-სექტორის და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ.

მსოფლიო ბანკის მოხსენების თანახმად, საქართველო Doing Business-ის რეიტინგში, რომელიც ბიზნესის წარმოების სიმარტივეს აფასებს, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის 2019 წელს მეექვსე ადგილზე იყო.