ფრთილად იყავით! – დამწვრობის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს

წინასაახალწლო დღეებში ასაფეთქებლებით მიღებული დაზიანებებით დამწვრობის ცენტრს უკვე ცხრა პაციენტმა მიმართა.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. თბილისის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას საახალწლო პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

პიროტექნიკა ახალი წლის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გამოყენება ხშირად დამწვრობითა და ტრავმებით სრულდება.

„კიდევ ერთხელ მინდა მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ ძალიან ფრთხილად იყვნენ ასაფეთქებლებთან, რადგან ერთი შეხედვით ყველაზე იაფიანი და უხიფათო ასაფეთქებელიც კი, არასწორი გამოყენების შემთხვევაში, საკმაოდ სერიოზული ტრავმის მიზეზი შეიძლება გახდეს“, – განაცხადა ქაშიბაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ დაზარალებულთა 60% ბავშვია.

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის სიტყვებით, საახალწლო ასაფეთქებლებით მიღებული დაზიანებებით დეკემბრის თვეში დამწვრობის ცენტრს ცხრა პაციენტმა მიმართა.

საქართველოში მიმდინარე წლიდან არასრულწლოვნებზე პიროტექნიკის მიყიდვა აკრძალულია.