ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება

31 დეკემბრის ღამეს თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს 160 ერთეულამდე ავტობუსი და საბაგირო უფასოდ მოემსახურება.
Sputnik

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ოთხშაბათს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 

რა ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

31 დეკემბრის ღამეს დედაქალაქში 75 მარშრუტზე 160 ერთეულამდე ავტობუსი, ძირითადად, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. გარდა ამისა, თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს უფასოდ მოემსახურება საბაგირო „რიყე–ნარიყალა“.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და იგივე მიდგომა და დამოკიდებულება იქნება შობის ღამესაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ასეთი გრაფიკით საზოგადოებრივი ტრანსპორტი 04:00 საათამდე იმუშავებს, საბაგირო კი 03:00 საათამდე.