კონსტანტინე გამსახურდია: ყუფარაძეს მთელი ამ დროის განმავლობაში თითი ეჭირა ჭრილობაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი – Sputnik. გამოძიებასთან კითხვები არ არის, კითხვები არის მოსამართლესთან – რამდენად კანონიერი და სამართლიანი იყო დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილის გაშვება, რომელმაც არ ითანამშრომლა არც ერთ პუნქტში გამოძიებასთან, განუცხადა ჟურნალისტებს ცოტნე გამსახურდიას ძმამ კონსტანტინე გამსახურდიამ.

კვაჭაძე: ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა >>

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია თბილისის ცენტრში 19 დეკემბერს, საღამოს ვერაზე დაჭრეს. მას ორი უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ცოტნე გამსახურდია მართვით სუნთქვაზე იმყოფებდა და, ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს ხუთი პირი დააკავა.

„რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, ის არის ადამიანი, რომელსაც მთელი ამ ხნის მანძილზე თითი ეჭირა ჭრილობაზე, რომ ნაკლები სისხლი დაეკარგა ცოტნეს. ის არ გაქცეულა და ბოლომდე იქ იყო. რაც შეეხება დანაშაულის ინსტრუმენტს, ორივე დანა არის გადაგდებული, სავარაუდოდ, აქ იყო ორი დანა, შეიძლება მეტიც. ისიც არ ვიცით, რამდენი ადამიანი იყო რეალურად ჩართული ამ დანაშაულში და რამდენი ადამიანი ესწრებოდა იმ სერობას, საიდანაც დაიწო. ასევე არ არის ცნობილი, რომელი ჭრილობა რომელი იარაღით არის მიყენებული. ეს ყველაფერი შესწავლილი და გამოძიებული უნდა იყოს“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის საქმე: ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა, ერთი კი გათავისუფლდა

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, საქმეზე დაკავებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

„მე არ ვიცნობ ამ ადამიანებს, ეს სახელები და გვარები არაფერს მეუბნება. იყო თავდასხმა და არა რაიმე ყოფით ნიადაგზე მომხდარი შემთხვევა. ეს არის ადვოკატების მიერ დაწყებული ნეგატიური კამპანია ცოტნე გამსახურდიას მისამართით. ისინი იბრძვიან ჭორებით და ვერსიებით. შესაძლოა, დაკავებულების რაოდენობა გაიზარდოს“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

22 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძეს, ის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

ცოტნე გამსახურდიას საქმის ფიგურანტი: „ამ ბიჭებს არ მიუყენებიათ დანით ჭრილობა...“ >>

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ბრალდებული პირი ცოტნე გამსახურდიას მეზობელია ან უბნელი, ხოლო ყუფარაძე მისი ბავშვობის მეგობარია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.