სამართალდამცველებმა ქუთაისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავეს

ბრალდებულმა ქუთაისში, სასაფლაოზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე „ტტ“-ს სისტემის იარაღიდან გასროლით მამაკაცი მოკლა.
Sputnik

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქუთაისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ძებნილი 50 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდებული წარსულში მრავალჯერ ნასამართლევია.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა 2018 წლის 30 სექტემბერს ქუთაისში, სასაფლაოზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე „ტტ“-ს სისტემის არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 1974 წელს დაბადებული გ.ს.

დაკავებულს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2018 წლის 4 ოქტომბერს სსკ-ის 108-ე მუხლით ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. 5 ოქტომბერს კი აღკვეთის ღონისძიების სახით ასევე დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა და იმავე დღეს მასზე ძებნა გამოცხადდა.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.