თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან ქვეყანაში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე დაწესდება, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ინიციატივა ღარიბაშვილმა „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის" ფონდის შემაჯამებელ ღონისძიებაზე გამოთქვა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აქცენტი გააკეთა დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე და ამ კუთხით სამინისტროს ხედვაზე ისაუბრა.
„ჩვენ ახალი, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, 2020 წლის იანვრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმებისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდებათ. ჩემი გადაწყვეტილებით, იანვრიდან დანამატების ბიუჯეტი გაოთხმაგდება. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მათზე ზრუნვასა და მათ ფინანსურ მხარდაჭერას", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის" ფონდმა 2019 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა და მთავრობისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის საქველმოქმედო ვახშამი გამართა.
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ (Wounded Warrior Support Foundation) საქართველოში 2016 წლის 25 მარტს დაარსდა. ბენეფიციართა კონტინგენტისა და პოტენციური დონორების წრის გაზრდის მიზნით ფონდის საქმიანობაში ჩართულია კერძო სექტორიც. 2018 წლის ივლისიდან ფონდს კომპანია „სილქნეტი" ხელმძღვანელობს.
ფონდმა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების, ასევე ვეტერანების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და საქველმოქმედო ღონისძიება განახორციელა. 2019 წლის განმავლობაში ფონდმა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მკურნალობის, რეაბილიტაციის, განათლების, საცხოვრებელი სახლის ადაპტირების ფარგლებში სხვადასხვა პროექტი დააფინანსა.