თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ მიმდინარე დავალიანება, კიდევ ერთხელ აფრთხილებს და ერთი დღის ვადას აძლევს, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაფარონ, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჯერ კიდევ 2019 წლის 14 აგვისტოს საჯარო განცხადებით მიმართა ტელემაუწყებლებს – წლების განმავლობაში დაგროვილი საგადასახადო დავალიანების შესახებ წარმოედგინათ ვალის რესტრუქტურიზაციაზე წინადადებები და დაეწყოთ მიმდინარე დავალიანებების გადახდა.
Rustavi 2-ის გენდირექტორი ვალებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს იწყებს >>
მაჭავარიანის სიტყვებით, მსხვილი დავალიანება დაუგროვდათ ტელემაუწყებლებს „რუსთავი 2“-ს (28 მლნ ლარი), „იმედს“ (19 მლნ ლარამდე) და „მაესტროს“ (8 მლნ ლარზე მეტი).
ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ტელემაუწყებლებს შორის მიმდინარეობს შეთანხმების პროცესი. რაც შეეხება მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებებს, ტელევიზიებმა ისინი არ გადაიხადეს, რის გამოც შემოსავლების სამსახური იძულებულია, განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.
„ფინანსთა სამინისტრო აცნობიერებს, რომ მედიასაშუალებებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, და სწორედ ამიტომ სახელმწიფო მაქსიმალურად ითვალისწინებდა მათ ინტერესებს, რისი დასტურიც არის წლების განმავლობაში დაგროვილ საგადასახადო დავალიანებებზე გაწეული შეღავათები და მათი გადახდის გრაფიკზე ამ დრომდე მიმდინარე მოლაპარაკებები“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, საგადასახადო ორგანო არაა ვალდებული, საჯარო გაფრთხილება მისცეს გადამხდელს საგადასახადო კოდექსით არსებული ღონისძიებების შესახებ და ფინანსთა სამინისტროს ეს განცხადებაც სწორედ ტელემაუწყებლების ინტერესების გათვალისწინებას ემსახურება.
სამინისტროს განცხადებით, ამავე დროს, მედიასაშუალებების მიმართ გაწეული ამგვარი შეღავათი ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა გადამხდელებს, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან როგორც მიმდინარე გადასახადებს, ისე ძველ დავალიანებებს.