საქართველოში ბუნებრივ აირზე ტარიფი არ გაიზრდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფს უახლოეს დღეებში დაადგენს. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ტარიფის მომატება არ იგეგმება.
Sputnik

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ არის, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან. 

გაძვირდება თუ არა საქართველოში ბუნებრივი აირი

ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ ქვეყანაში ბუნებრივი აირის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის ტარიფი თვის ბოლომდე უნდა დაადგინოს. „თბილისი ენერჯიში“ ახალი ტარიფი 25 დეკემბერს დამტკიცდება, SOCAR Georgia-სა და „SOCAR გაზში“ – 27 დეკემბერს.

ნარმანიას სიტყვებით, კომისიამ უკვე განიხილა კომპანიების საინვესტიციო წინადადებები.

„ჩვენ სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც გავთვალეთ. ახლა დგინდება მოწოდების ფასები, რომლის საფუძველზეც უახლოეს დღეებში ჩვენ დავადგენთ საბოლოო სამომხმარებლო ტარიფს. ამ ეტაპზე რაიმე სახის ზრდა (ტარიფის) მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა ნარმანიამ.

გეგმიური სხდომა, რომელზეც ბუნებრივი აირის ტარიფის განხილვა დაიწყო, სემეკში 2019 წლის 1 აგვისტოს გაიმართა. როგორც მაშინ კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ ირინა მილორავამ განაცხადა, ეროვნული ვალუტის კურსის გათვალისწინებით, გასულ წელს იყო მოლოდინები, რომ ტარიფი გაიზრდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

ნახევარი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა. ლარის გასამყარებლად ეროვნულ ბანკს მოუწია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და საკუთარი სავალუტო რეზერვის ნაწილის გაყიდვა.

2019 წლის 1 იანვრიდან „თბილისი ენერჯის“ აბონენტები ერთ კუბომეტრი გაზში 46,139 თეთრს იხდიან, SOCAR-ის აბონენტები – 49,5 თეთრს, ხოლო „SOCAR გაზის" აბონენტები – 50,02 თეთრს.