თბილისელი „შმაქსისტები“ აბუნტდნენ – ისინი ჯარიმების გაუქმებას მოითხოვენ

კომპანია „შმაქსის" წესდებაში ნათქვამია, რომ ეს არის საგანმანათლებლო პროგრამა და ყველა მის მონაწილეს შეუძლია იმგზავროს ქალაქში ამოსაცნობი ნიშნებით და მგზავრები ქუჩაში აიყვანოს.
Sputnik

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. „შმაქსის“ მძღოლებმა მათზე დაკისრებული ჯარიმების გაუქმების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს.

„შმაქსისტები“ პოლიციას მიზანმიმართულ დევნაში ადანაშაულებენ და მათთვის 17 დეკემბერს გამოწერილი 200-ლარიანი ჯარიმების გაუქმებას ითხოვენ. მძღოლების განცხადებით, ისინი თბილისის საკრებულოს ახალი დადგენილების საფუძველზე დააჯარიმეს, რომლის მიხედვით, მათ ეკრძალებათ ავტომობილებზე ტრაფარეტების გამოყენება, რომლებიც „ტაქსის“ ამოსაცნობი ნიშნის მსგავსია. 

„შმაქსისტები" ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ

„ეს ცვლილებები დადგენილებაში ჩუმად შეიტანეს და ნებისმიერი ნიშანი, რომელიც შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ტაქსის აბრა, ექვემდებარება დაჯარიმებას. ჩვენ მოვითხოვთ ჯარიმების გაუქმებას", – განაცხადა პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. 

ჯაფარიძე მოითხოვს, რომ „შმაქსის“ მძღოლებს 2020 წლის იანვრის ბოლომდე მიეცეთ ვადა ტრაფარეტების შესაცვლელად.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი აღნიშნული სიახლის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ. „შმაქსისტების“ სიტყვებით, სწორედ ახალი დადგენილების გამო წინასაახალწლო დღეებში ისინი ძირითადი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ.

პროექტი „შმაქსი" მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს, თბილისის მერიის მიერ ტაქსების რეფორმის პროტესტის ნიშნად, ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური მოძრაობა – გირჩის“ მიერ დაფუძნდა – როგორც ტაქსის ალტერნატივა, სადაც მგზავრები იხდიან არა მგზავრობის საფასურს, არამედ მძღოლებისგან ლექციების მოსმენის ფასს.

ამით ოპოზიციურმა პარტია „გირჩმა" გვერდი აუარა ახალ წესებს, რომლის მიხედვითაც, თბილისში ტაქსი უნდა იყოს თეთრი ფერის, ოთხკარიანი და მარცხენა საჭით.

კომპანია „შმაქსის" წესდებაში ნათქვამია, რომ ეს არის საგანმანათლებლო პროგრამა და ყველა მის მონაწილეს შეუძლია იმგზავროს ქალაქში ამოსაცნობი ნიშნებით და მგზავრები ქუჩაში აიყვანოს.