ზურაბ პატარიძე საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე: მთავარი სტატუს-კვოს დაბრუნებაა

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის სიტყვებით, ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობები ძალზე მნიშვნელოვანია და სადავო საკითხი ისე უნდა გადაიჭრას, როგორც ეს ორ მეგობარ ქვეყანას შეეფერება.
Sputnik

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მორიგი სხდომა თბილისში 2020 წლის დასაწყისში გაიმართება, განაცხადა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარიძემ ჟურნალისტებთან. 

ექსპერტები თბილისიდან და ბაქოდან საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე წლის ბოლომდე შეხვდებიან

საქართველოსა და აზერბაიჯანს 446 კილომეტრის სიგრძის საერთო სახელმწიფო საზღვარი აქვთ, რომლის მესამედი, მათ შორის დავით-გარეჯის მონაკვეთი, ჯერჯერობით არ არის დელიმიტირებული. ეს არის უნიკალური კლდეში ნაკვეთი ქართული სამონასტრო კომპლექსი, რომელიც 25 კილომეტრის სიგრძის ტერიტორიაზეა გადაჭიმული.

„როგორც თქვენ იცით, სულ ახლახან გაიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში. იქნა შეთანხმება მიღწეული სტატუს-კვოს ეტაპობრივად აღდგენის თაობაზე. პირველ რიგში, სასულიერო პირებს შესაძლებლობა აქვთ თავისუფლად გადაადგილდნენ სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. მომავალი წლის დასაწყისში დაგეგმილია დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მორიგი სხდომის გამართვა“, – განაცხადა პატარიძემ.

მისი სიტყვებით, ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობები ძალზე მნიშვნელოვანია და სადავო საკითხი ისე უნდა გადაიჭრას, როგორც ეს ორ მეგობარ ქვეყანას შეეფერება.

„როგორც იცით, მიმდინარე წლის ივნისში დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის სხდომა გაიმართა და შეთანხმდნენ, რომ ექსპერტები ადგილზე გაეცნობიან სიტუაციას, ჩატარდება აზომვითი და სხვა სამუშაოები, რათა კომისიას ჰქონდეს შესაძლებლობა, გააგრძელოს მუშაობა და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ელჩმა.

პატარიძის სიტყვებით, ახლა მთავარი ამოცანა – სტატუს-კვოს დაბრუნებაა.

დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსში კლდეში ნაკვეთი 20-მდე მონასტერია გაერთიანებული. მთავარი მონასტერი წმინდა დავითის ლავრაა. კომპლექსის ტერიტორიაზე ზოგიერთ ეკლესიასა და სატრაპეზოში შემონახულია VIII-XIV საუკუნეებით დათარიღებული ფრესკები, რომლებზეც გამოსახული არიან ქართველი ისტორიული პირები, მათ შორის თამარ მეფე.