სამი ქვეყნის დიპლომატმა ერთობლივ განცხადებას და თანამშრომლობის გეგმას მოაწერა ხელი

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში გამართულ რიგით მერვე სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში დოკუმენტებს მოაწერეს ხელი.
Sputnik

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას და „2020-2022 წლების სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის ახალ სამოქმედო გეგმას“. 

გიორგი გახარიამ და მევლუთ ჩავუშოღლუმ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს

დოკუმენტი განსაზღვრავს ყველა სფეროში სამი ქვეყნის საერთო ინტერესების კონკრეტულ ქმედებებსა და გეგმებს, ასევე სამმხრივი თანამშრომლობის მექანიზმებს. იგი გაფორმდა სამი ქვეყნის პირველი დიპლომატების თბილისში გამართულ რიგით მერვე სამმხრივ შეხვედრაზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა – მევლუთ ჩავუშოღლუმ და ელმარ მამედიაროვმა.

ზალკალიანის სიტყვებით, ის ფაქტი, რომ შეხვედრა მერვედ იმართება, მიუთითებს საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის სამმხრივ ფორმატში მტკიცე პოლიტიკურ დიალოგზე.

„ორმხრივ დონეზე საქართველოს ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან და თურქეთთან. ეს ორი ქვეყანა საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა მრავალ სფეროს“, – განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის შეფასებით, აღნიშნული ფორმატი რეგიონული თანამშრომლობის ყოვლისმომცველ და წარმატებულ მექანიზმს მოიცავს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივ რეგიონულ სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე დისკუსიას. ასევე მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებულ გამოწვევებთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. 

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მინისტრების შეხვედრა თბილისში გაიმართება

„უდავოა, რომ არსებული კონფლიქტები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობას, საერთაშორისო სტაბილურობასა და უშიშროებას, ასევე აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

დასასრულს საქართველოს საგარეო უწყების პირველმა პირმა განაცხადა, რომ შეხვედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მზადყოფნა კავშირების გაღრმავების თაობაზე.

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 2012 წლიდან მოყოლებული წელიწადში ორჯერ ხვდებიან ერთმანეთს და განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონულ საკითხებს.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა თბილისში ჯერ კიდევ 16 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ის თურქული მხარის თხოვნით გადაიდო.

წინა სამმხრივი შეხვედრა 2018 წლის 29 ოქტომბერს სტამბულში გაიმართა.