ქართველი ფეხბურთელი პოლონური კლუბის რეკორდსმენი გახდა

ქართველმა სპორტსმენმა პლოცკის გუნდის შემადგენლობაში 110 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ნაკრების და საფეხბურთო კლუბ „ვისლას“ (პლოცკი) თავდამსხმელი გიორგი მერებაშვილი ლეგიონერთა შორის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

პოლონეთის ჩემპიონატის XX ტურში მერებაშვილმა დუბლი გააფორმა, ხოლო მისმა გუნდმა გლივიცას გუნდ „პიასტს“ ანგარიშით 2:1 მოუგო. ქართველი ფეხბურთელისთვის ეს გოლები „ვისლას“ შემადგენლობაში მე-20 და 21-ე გახდა და ამ გოლების წყალობით მან ბომბარდირთა სიაში გვინეელ თავდამსხმელს ხოსე კანტეს გაუსწრო. აფრიკელი „ვისლას“ სახელით 2016-2018 წლებში ასპარეზობდა.

მერებაშვილი „ვისლაში“ 2016 წლის ივლისიდან ბერძნული „ლევადიაკოსიდან“ გადავიდა. საერთო ჯამში ქართველმა პლოცკის გუნდის შემადგენლობაში 110 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მერებაშვილმა 32 მატჩი ითამაშა და ორი გოლი გაიტანა.

რაც შეეხება „ვისლას“, ამ გამარჯვების შემდეგ კლუბი 30 ქულით მერვე ადგილზეა. პოლონეთის ფეხბურთის ჩემპიონატი 8 თებერვალს განახლდება.