ლენი კრავიცის კონცერტის ბილეთების გაყიდვა რამდენიმე დღეში დაიწყება

კონცერტზე მუსიკოსი შეასრულებს როგორც სიმღერებს თავისი ბოლო ალბომიდან, ისე მსოფლიო ჰიტებს თავისი 30 წლიანი მუსიკალური კარიერიდან.
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მომღერლის, ლენი კრავიცის  (Lenny Kravitz) კონცერტის ბილეთები 26 დეკემბრიდან გაიყიდება. ცნობილი მომღერალი საქართველოში პირველად 2020 წლის 31 მაისს წარდგება, ნათქვამია ვებგვერდზე tkt.ge.

სხვებზე ადრე ლენი კრავიცის კონცერტის ბილეთების შეძენა შეძლეს Solo-ს - „საქართველოს ბანკის“ კლიენტთა პერსონალური მომსახურების მომხმარებლებმა. აღსანიშნავია, რომ ბანკი კონცერტის ორგანიზატორია. დანარჩენი მსურველები ბილეთების შეძენას 26 დეკემბრიდან შეძლებენ.

ლენი კრავიცი კონცერტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს, თავისი მსოფლიო ტურნეს Here To Love ფარგლებში. ტურნეს ნაწილი სწორედ თბილისიდან დაიწყება. სტადიონი მთლიანობაში 27 ათასზე მეტ ადამიანს იტევს.

კონცერტზე მუსიკოსი შეასრულებს როგორც სიმღერებს თავისი ბოლო ალბომიდან, ისე მსოფლიო ჰიტებს თავისი 30 წლიანი მუსიკალური კარიერიდან.

55 წლის ამერიკელი მუსიკოსი „გრემის“ მფლობელი მომღერალი, ტექსტების ავტორი, მულტი-ინსტრუმენტალისტი, პროდიუსერი და არანჟირების ოსტატია. მისი „რეტრო“ სტილი აერთიანებს როკის, სოულის, ფანკის, რეგეის, მძიმე როკის, ფსიქოდელიურის, ფოლკ მუსიკისა და ბალადების ელემენტებს. მის შემოქმედებაზე გავლენა მოახდინეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორიც არიან პრინსი, დევიდ ბოუი, სტივი უანდერი და პოლ მაკარტნი.

სიმღერის გარდა, კრავიცი ხშირად თავად ასრულებს გიტარის, ბას-გიტარის, კლავიშებიანის, დრამის და პერკუსიის ყველა პარტიას.

მსოფლიოს მასშტაბით მომღერალმა დაახლოებით 20 მილიონი ალბომი გაყიდა. ლენის ქალიშვილი ზოი კრავიცი მამის კვალს გაყვა და კინოგადაღებების გარდა მღერის და გიტარაზე უკრავს.