გაიზარდა ქართული თხილის, კარალიოკისა და ხურმის ექსპორტი

თხილის მწარმოებელთა ასოციაციას იმედი აქვს, რომ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად წარმოებაც გაიზრდება
Sputnik

თბილისი, 22 დეკემბერი - Sputnik. თხილის ექსპორტი იანვარ-ნოემბერში 90%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო კარალიოკისა და ხურმის - 86%-ით, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს Facebook-გვერდზე.

საგარეო სავაჭრო ბრუნვა – ვისთან და რითი ვაჭრობს საქართველო >>

2019 წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში, საქართველოდან 8,3 ათასი ტონა თხილი ექსპორტირებულია მსოფლიოს 37 ქვეყანაში - გასულ წელთან შედარებით 10 ქვეყნით მეტი. კარალიოკისა და ხურმის ექსპორტი რვა ქვეყანაში განხორციელდა - 7,3 ათასი ტონა.

წელს თხილის ხარისხის გაუმჯობესება მოხერხდა. გარდა ამისა, იგეგმება მოსავლის გაზრდა წელიწადში 100 ათას ტონამდე, რაც 1 მილიარდი ლარის მოგებას მოიტანს, განაცხადა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი თოდუამ.

“ოქროს მოსავალი“ – საქართველოში თხილის ტრიუმფალური კრეფა დაიწყო – ვიდეო

„პოტენციალი რეალისტურია და არა მხოლოდ ამბიციური გეგმა. იმედიან განწყობას ის ფაქტი გვინარჩუნებს, რომ ფერმერები დარწმუნდნენ, რომ გარკვეული შრომის შედეგად მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღება სავსებით შესაძლებელია. ხარისხთან ერთად რაოდენობაზეცაა საუბარი. გაორმაგება აბსოლუტურად რეალისტურია“, - განაცხადა თოდუამ.

ამჟამად თხილის პლანტაციები 70 ათას ჰექტარს მოიცავს.

თხილი ძირითადად დასავლეთ საქართველოში არის გაშენებული. ბოლო წლებში მოსავალს სერიოზული პრობლემები შეუქმნა აზიური ფაროსანას შემოსევებმა, მაგრამ ხელისუფლებამ გამოსავალი იპოვა. ამოქმედდა ამ მავნებელთან ბრძოლის სპეციალური პროგრამა.