ბათუმი 2020 წლისთვის საუკეთესო ევროპული საინვესტიციო ქალაქების ექვსეულში მოხვდა

„ფორბსმა“ ინვესტიციების განხორციელებისთვის საუკეთესო ევროპულ ქალაქებს შორის კიდევ დაასახელა: ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი, იტალიის ქალაქი ნეაპოლი, საფრანგეთის ქალაქი მეჟევი, უნგრეთის ქალაქი სეკეშფეჰერვარი და პორტუგალიის ქალაქი პორტო.
Sputnik

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. გამოცემა „ფორბსმა“ ქალაქი ბათუმი 2020 წლისთვის საუკეთესო ევროპული საინვესტიციო ქალაქების სიაში შეიყვანა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი აჭარის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

სად არის საუკეთესო ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში

გამოცემა წერს, რომ ბათუმი სიდიდით მესამე ქალაქი და პოპულარული შავი ზღვის კურორტია საქართველოში.

„ამ დროისთვის ახალ შენობებზე სიმაღლის შეზღუდვები არ არის, ამიტომაც დეველოპერები და მყიდველები თავიანთ შესაძლებლობებს მაქსიმუმამდე ზრდიან“, – წერს გამოცემა ბათუმზე.

ამასთან სტატიაში აღნიშნულია, რომ ქალაქში 2018-დან 2019 წლამდე 22 752 ბინა აშენდა.

„ბათუმში, იმის გამო, რომ მიწის დიდი ნაწილია ხელმისაწვდომი და მცირე შეზღუდვებია დაწესებული, ახალი პროექტები ჩნდება, რათა მოთხოვნის ზრდას უპასუხოს. ინვესტორები, მათ შორის მეზობელი თურქეთიდან, 2 ათას წლიანი ისტორიითა და კულტურით, ასევე უფრო ცნობილ ევროპულ სანაპირო ჰაბებთან შედარებით მისაღები ფასებით არიან მოხიბლულები“, – წერს „ფორბსი“.

გამოცემამ ინვესტიციების განხორციელებისთვის საუკეთესო ევროპულ ქალაქებს შორის ბათუმის გარდა, კიდევ დაასახელა: ნიდერლანდების ქალაქი როტერდამი, იტალიის ქალაქი ნეაპოლი, საფრანგეთის ქალაქი მეჟევი, უნგრეთის ქალაქი სეკეშფეჰერვარი და პორტუგალიის ქალაქი პორტო.

ქალაქი ბათუმი საერთაშორისო რეიტინგების ტოპებში არაერთხელ არის შესული.