აბაშიძემ ქართველი ექიმისთვის ცხინვალში გამოტანილ განაჩენს უკანონო უწოდა

ოფიციალური თბილისი ძალისხმევას არ დაიშურებს ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად
Sputnik

თბილისი, 20 დეკემბერი -  Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ უკანონო უწოდა ე.წ. ცხინვალის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომელმაც ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ცნობილი ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი ცხინვალის რეგიონში იმისთვის გაემგზავრა, რათა სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ახალგორში დაშავებული მასწავლებლისთვის. ქალი ჭაში ჩავარდნის შედეგად დაშავდა, ადგილზე კი მისთვის სათანადო დახმარების აღმოჩენის საშუალება არ არსებობდა. გაფრინდაშვილი „საზღვრის დარღვევისთვის“ დააკავეს.

 „საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უპრეცედენტო თანადგომისა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ტყვეობაში რჩება. ეს უკანონო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას, უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე პროგრესს. აღარაფერს ვამბობ ბატონი ვაჟას ოჯახის წევრების მდგომარეობაზე“, - განაცხადა აბაშიძემ.

დიპლომატის თქმით, თბილისი კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას. 

 „ჩვენ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდანაც მოვისმინეთ იმედისმომცემი განცხადებები. სამწუხაროდ, შედეგი ჯერ ასეთია – ფრიად დრამატული. ჩვენ, როგორც აქამდე, კვლავ გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ჩვენი თანამოქალაქე დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გრიგორი კარასინი: რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებამდე არც ისე შორსაა

გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებისა და დაპატიმრების ფაქტზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ისაუბრეს.

როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გააგრძელებს მუშაობას უწყვეტ რეჟიმში ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.

ნოემბრის ბოლოს პრაღაში გრიგორი კარასინთან შეხვედრისას ზურაბ აბაშიძემ გაფრინდაშვილის დაკავების საკითხი წამოჭრა. რუსული მასმედიის მონაცემებით, კარასინმა აბაშიძეს აცნობა, რომ რუსეთის მხარე ამ პრობლემის პოზიტიურად მოგვარებას უწყობს ხელს.

როგორც გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რუსეთი ემხრობა იმას, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართველი ექიმის დაკავებასთან დაკავშირებულმა საკითხმა არ გაამწვავოს თბილისისა და ცხინვალის ისედაც რთული ურთიერთობა. ზახაროვას სიტყვებით, რუსეთი მხარეებს მოუწოდებს, პრობლემა დავების მოგვარების არსებული მექანიზმების მეშვეობით გადაწყვიტონ.

როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ტერიტორიებს 1990-იანი წლებიდან ვერ აკონტროლებს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა, რის გამოც საქართველომ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტა. ამჟამად დიალოგი ქვეყნებს შორის მიმდინარეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და საქართველოს წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის წარმომადგენლის, გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.