ისტორია იწყება შუმერებიდან, ანუ... საქართველოდან? – ორი ენის საოცარი მსგავსება

ძველ შუმერებზე არსებული ისტორიული წყაროები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ შუმერული და ქართველური ენები ერთი ფუძე−ძირიდან არის წარმოშობილი. თავად განსაჯეთ...
Sputnik

ვანო სულორი

დაახლოებით 6 ათასი წლის წინ დღევანდელი კუვეიტისა და სამხრეთ ერაყის ტერიტორიაზე ჰყვაოდა შუმერული ცივილიზაცია. შუმერებმა სამყაროში პირველებმა შექმნეს დამწერლობა (პიქტოგრაფიული, ლურსმული), ააგეს დიდი ტაძრები – ზიგურათები, გააშენეს დიდი ქალაქები, სადაც განვითარებული იყო ვაჭრობა და ხელოსნობა, მოიშინაურეს ხარი, შექმნეს კავი და გუთანი, გამოიგონეს აგური და ბორბალი. იქ კარგად იყო განვითარებული ასტრონომია, მათემატიკა, გეომეტრია, მელიორაცია. პირველი სასწავლო დაწესებულები, ანუ სკოლები შუმერებში გაჩნდა... 

მოუდრეკელ სვანებთან დამარცხებული დიდი რომაელი და პომპეუსის აუხდენელი ოცნება

სამწუხაროდ, დაახლოებით სამი ათასი წლის წინ შუმერული ცივილიზაცია მთლიანად გაქრა და დღემდე გამოცანად რჩება, თუ ვინ იყვნენ ისინი, საიდან მოვიდნენ ან ვინ შეიძლება ჩაითვალოს მათ შთამომავლებად. ამაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს და ეს საკითხი დღემდე ისტორიკოსთა და ლინგვისტთა მუდმივი ინტერესის საგანს წარმოადგენს.

მკვლევართა ნაწილის მტკიცებით (მიხეილ წერეთელი, ივანე ჯავახიშვილი, ნიკო მარი, სიმონ ჯანაშია, ედუარდ მაიერი, ფრიც ჰომელი, ბორის ტურაევი, ფრანსუა ლენორმანი, ფრიდრიხ ლემან-ჰაუპტი და სხვები), შუმერებთან მეტ-ნაკლებ სიახლოვეს მაინც ქართული ეთნოგენეზი და ენა ჰპოვებს.

მართალია, ძველ შუმერებზე არსებული ისტორიული წყაროებით მაინცდამაინც განებივრებულები არ ვართ, მაგრამ რა მონაცემებიც გაგვაჩნია, საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ შუმერული და ქართველური ენები ერთი ფუძე−ძირიდან არის წარმოშობილი. რა თქმა უნდა, ეს არ არის აქსიომა, მაგრამ ისინი იმდენად ახლოს დგანან ერთმანეთთან, რომ მსგავს ანალოგს ძნელად თუ მოძებნი.

თავად განსაჯეთ:

„აზიგ“ — უკურნებელი სენის დემონი შუმერულში; სვანურში „მაზიგ“ ჭირი და ტკივილია;

„აქადი“ — შუმერულად მაცდუნებელი, სვანურად „აცდენს“, მქადნე კი მაცდუნებელს ნიშნავს;

„არურუ“ — შუმერულად დემონი, სვანურში კი დემონის განსადევნელი უძველესი შელოცვის დასაწყისი;

„ბაბა“ — შუმერული ღმერთი, სვანურად — პაპა;

„გათ-უმდუგი“ — ქალღმერთი შუმერში, სვანურში „უმდაგ“ — ჩაუმქრალი, უკვდავი; 

„უკეთესი მეომრები და ძლიერები ყველასთან შედარებით“ – ვინ რას წერდა სვანებზე

„გურუშ“ — შუმერულად გლეხი, სვანურში კი „ლუ გურუშე“ ნიშნავს მოსვრილს, დასვრილს.

„დალი“ შუმერში ავდრისა და ჭექა-ქუხილის ღმერთი, სვანეთში კი — ნადირობის ქალღმერთი;

„დი“ — შუმერულშიცა და სვანურშიც ნიშნავს დედას;

„ენგურ“ — შუმერულში მტკნარი წყალი ან ოკეანისა და სიბრძნის ღვთაება ენქის მდინარე; ვფიქრობთ, განმარტება არ სჭირდება, რომ ენგური მდინარეა საქართველოში;

„ენლილე“ — შუმერთა ღმერთი, სვანური სიმღერა „ლილეო“ — მზის სადიდებელი;

„ე სიგ გა“ — შუმერულად „აგურის სახლი“, სვანურში „მეზიგა“ ნიშნავს მოსახლეს;

„ზაგარ“ — შუმერულში ადგილის სახელწოდება, სვანურში — ზეგანი.

„ზუ-ლუმარი“ — შუმერული ღმერთი, სვანურში „ლუმარ“ ნიშნავს მზად მყოფს;

„ირმინი“ — ქალღმერთი შუმერში, სვანურად „ირინი“ — „ნათდება“;

„ლუგალ“ — მმართველი, მეფე შუმერში, სვანურად „ლუგავ“ ნიშნავს ღონიერს, ხოლო „ლუქალ“ — ქებულს, დიდებულს.

„ლამარი“ — ქალი ღვთაება შუმერში, „ლამარია“ სვანურად — ღვთისმშობელი.

„ლარიგ“ — შუმერული ქალაქი, „ლარაგ“ დასაყოვნებელი ადგილია სვანურში;

„ლაგაშ“ — შუმერში ადგილის სახელწოდება, სვანურად „ლაგაშ“ — ფეხის დასადგამი ადგილი;

„ლახამუ“ და „ლახმუ“ — შუმერებში პირველშექმნილი წყვილი, როგორც ადამი და ევა, სვანეთში კი ამ დასახელების სოფლები არსებობს;

„მელამ“ — შუმერულად მომაკვდინებელი გაელვება, სვანურში — მხრჩოლავი კვამლი;

„მაგვენა“ —ტაძარი შუმერში, „მაღვენა“ სვანურად არის ქონება; 

ხალდე – იმპერიის ჯარს შელეწილი გაუტეხელი სვანური სოფელი

„მარ“ ან „მარუმ“ — შუმერულად ნიშნავს ვაჟიშვილს, „მარე“ სვანურად ნიშნავს კაცს;

„მამი“ — ქალღმერთი შუმერში, სვანეთში კი ამ დასახელების სოფელი არსებობს;

„ნანარი“ — შუმერების ქალღმერთი და სოფელი ქვემო სვანეთში; 

„ნიდაბა“ — ყანების ქალღმერთი, სვანურად „დაბ“ ყანაა, „ნი“ კი თავსართია;

„ნამთარი“ — შუმერულში ბედისწერის მაუწყებელი, სვანურად კი იგივეა, რაც წინასწარმეტყველი.

„სუბართუ“ — შუმერულად ხურიტების ქვეყანა, „სუბარი“ — უძველესი სვანური გვარი;

„ქალ“ ან „ქალ-ლა“ — შუმერულად ნიშნავს ფასდაუდებელს, „ლ-ქალ“ სვანურადაც ფასდაუდებელია;

„უთუ“ — შუმერთა მზის ღმერთი, სვანურად „ათუ“ — ცხელი.

„ცერი“ — ადგილის სახელწოდება შუმერში, „ეცერი“ — სოფელი სვანეთში;

„ხუმბაბა“ — ტყის მცველი შუმერულში, „თხუმ ბაბა“ — თავკაცი სვანურში.

არა მხოლოდ სვანურში, უშუალოდ ქართულ ენაშიც მრავლად მოიძებნება შუმერული სიტყვები, რომელთაც სისტემატურად ვიყენებთ და წარმოდენაც არ გვაქვს, რომ ისინი შუმერულია. რაც ყველაზე მთავარია, ამ სიტყვებს შუმერულშიც და ქართულშიც ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვს. მაგალითად:

აკილ — კივილი; აგარ — აგარაკი; არე — არემარე; გორა — გორა, გორაკი; დუქ — დოქი; დიჰა — თიხა; დურგარ — დურგალი; ერემ — ერი; თუნირ — თორნე, ან თონე; ზაგ — ზღვა; იზი — ეზო; ითუ — თვე; ინიმ — ენა; კირ — კერატი, გარეული ღორი; ლიკ — ლეკვი;  მარუნ — მარანი; უბურ — უბე; ხარი — ხარი; კარ კარ — კაშკაში...

ასეთია არასრული ჩამონათვალი შუმერული და ქართული სიტყვებისა.

ნიშანდობლივია ისიც, რომ სიმბოლო ბორჯღალიც შუმერულია და ისევე, როგორც ჩვენთვის, შუმერებისთვისაც მზის უძველესი ნიშანია. და თუ შუმერთა მზის ნიშანი ძველი წელთაღრიცხვით IV ათასწლეულით თარიღდება, ქვემო ქართლში, ამირანის გორაზე აღმოჩენილ თიხის ჭურჭელი, რომელზეც არის კიდეც აღბეჭდილი ბორჯღალი, ძველი წელთაღრიცხვით III ათასწლეულის დასაწყისშია შექმნილი...