ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი – 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1991 წელს დაბადებული ტ.ღ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ოთხი პირი – 1990 წელს დაბადებული თ.ქ., 1991 წელს დაბადებული გ.ს., 1982 წელს დაბადებული პ.ყ. და 1973 წელს დაბადებული კ.ჩ. - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

„გამოძიებით დადგენილია, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა ტ.ღ.-მ მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, გალის ქუჩაზე, ცოტნე გამსახურდიას, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – განაცხადა ბორცვაძემ. 

მისი თქმით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირებს კი – 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.