სახელმწიფო მიწების მითვისების საქმე: დაკავებულთა შორის საჯარო მოხელეები არიან

გამოძიება გრძელდება თაღლითურად დაუფლებული სხვა მიწების იდენტიფიცირებისთვის და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით.
Sputnik

თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად მითვისების ფაქტზე ოთხი პირი, მათ შორის, კრწანისის გამგეობის იურიდიული განყოფილების უფროსი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით თავიანთ საკუთრებაში დაირეგისტრირეს გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისსა და თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში არსებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები, რომელთა ღირებულებაც ჯამში დაახლოებით 700 ათასი ლარია.

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით აღიძრა, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიება გრძელდება თაღლითურად დაუფლებული სხვა მიწების იდენტიფიცირებისთვის და ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით.