ტრაგედია კახეთის გზატკეცილზე: ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა

დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი. მძიმე მდგომარეობაშია სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლიც.
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. აეროპორტის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მოქალაქე საავადმყოფოში გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საშინელი ავარია თბილისში: დაიღუპა ერთი და დაშავდა 14 მგზავრი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში რამდენიმე საათის წინ მოხდა. კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის გადასახვევთან სატვირთო ავტომობილი და ყვითელი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, 14 კი დაშავდა.

დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაშია სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლიც.

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მგზავრებით დატვირთული სამარშუტო ტაქსი უკან სვლით მომავალ სამშენებლო მასალით დატვირთულ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის ზაფხულიდან ტარდებოდა და მოძრაობა სულ ახლახან გაიხსნა. ამჟამად მიმდინარეობს გამწვანების სამუშაოები და საგზაო მონიშვნების დახაზვა.