კალაძე: სუიციდის პროპაგანდის შემცველი ყველა წარწერა წაიშლება

ფსიქოლოგები საზოგადოებას მოუწოდებენ შეჩერებისკენ, როცა საქმე სუიციდის რომანტიზებას ეხება. სპეციალისტების განცხადებით, ამ თემის კამპანიური ხასიათით წარმოჩენა ძალიან სახიფათო და გადამდებია.
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. არავის მიეცემა სუიციდის პროპაგანდის შესაძლებლობა და უფლება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. 

„ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების დრო არაა" – პრემიერი მოზარდის გარდაცვალებაზე

წარწერები „ამ ცხოვრების დედაც!“ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაჩნდა. მოზარდმა პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა და ცხრასართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოხტა. ის იაშვილის სახელობის კლინიკაში ექვსი დღე სიკვდილს ებრძოდა და სამშაბათს, საღამოს გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ლუკა სირაძე იმის გამო დაკითხეს, რომ, მათი ვერსიით, ის ღამით თავის ყოფილ „მწვანე სკოლაში" შეიპარა და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტებში კედლებზე წარწერები დატოვა.

კალაძის განცხადებით, სუიციდის პროპაგანდა ძალიან სახიფათოა და ყველას მოუწოდა, პროტესტი გამოხატონ ისე, რომ სახიფათო არ იყოს მომავალი თაობისთვის.

„კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პროტესტი. პროტესტი გამოხატონ, არანაირი პრობლემა არ არის, მათ ხელს არავინ შეუშლის, მაგრამ ნუ გააკეთებენ ისეთ რამეს, რაც სახიფათოა ისევ და ისევ ახალგაზრდებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, მომავალი თაობისთვის. დედაქალაქის მერია იმოქმედებს ისე, როგორც სჭირდება ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ლუკა სირაძის საქმეზე პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. 

გუშინ კი, ღამით 17 წლის გოგონამ აბაშაში თავი ჩამოიხრჩო. მანამდე გოგონამ სოციალურ ქსელში დაწერა – „გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად?“ სავარაუდოდ, გოგონა ამ პოსტში 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას გულისხმობდა. 

ფსიქოლოგები საზოგადოებას მოუწოდებენ შეჩერებისკენ, როცა საქმე სუიციდის რომანტიზებას ეხება. სპეციალისტების განცხადებით, ამ თემის კამპანიური ხასიათით წარმოჩენა ძალიან სახიფათო და გადამდებია.