თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის გადასახვევთან სატვირთო ავტომობილი და ყვითელი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 დაშავდა. დაშავებულები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
როგორც ტელეკომპანია „რუსთავი2" იუწყება „თბილისის მიკროავტობუსის" ინფორმაციაზე დაყრდნობით, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან მიკროავტობუსის მძღოლი და ერთი მგზავრი.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.