„არაფერი იხსნება" – რუსეთის ინტერესთა სექცია საქართველოში რუსული ცენტრის შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ უფრო ადრე ქართული მასმედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ ახალი რუსული ცენტრების გახსნა თბილისში არ იგეგმება.
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსული ინტერესების სექციაში უარყვეს მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია თბილისში დიპლომატიურ მისიასთან არსებული რუსული მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის გახსნის შესახებ.

„არაფერი იხსნება, ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ უკვე გავრცელდა", – განუცხადეს Sputnik-ს.

უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ ქართული მასმედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ ახალი რუსული ცენტრების გახსნა თბილისში არ იგეგმება.

რუსული ცენტრი, ვაჟა ექიმი და IPRM - ჟენევაში საქართველო-რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართა

„ახალი არაფერი გაიხსნება, ამიტომ ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟი უნდა შეწყდეს", – განაცხადა რუდენკომ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დააზუსტა, რომ საუბარია რუსული ენის კურსებზე, რომელიც საქართველოში უკვე დიდი ხანია არსებობს.

ქართული მასმედია ცენტრის გახსნის თაობაზე ინფორმაციის გავრცელების დროს დაეყრდნო ფონდ „რუსკი მირის" ინტერნეტ-კატალოგს, სადაც ფიგურირებს ორგანიზაცია სახელწოდებით Российский центр науки и культуры при посольстве РФ в Грузии ("საქართველოში რუსეთის საელჩოსთან არსებული მეცნიერებისა და კულტურის რუსული ცენტრი"); თუმცა, ინფორმაციის განთავსების ვადა კატალოგში მითითებული არ არის.

საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირის „რუსკი კლუბის" პრეზიდენტმა ნიკოლაი სვენტიცკიმ Sputnik-ის კორესპონდენტთან საუბრისას გამოთქვა ვარაუდი, რომ კატალოგში მითითებულია ძველი ორგანიზაცია, რომელიც ათი წლის წინ მუშაობდა.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, 2008 წლიდან საქართველოში რუსეთის საელჩო აღარ ფუნქციონირებს. მის ნაცვლად შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსული ინტერესების სექცია მუშაობს.