თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ პოლიციის უფროს გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლუკა სირაძე, რამდენიმე დღის წინ მეცხრე სართულიდან გადმოხტომის შედეგად მიყენებული ტრავმების გამო, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ძირითადი ვერსია თვითმკვლელობის მცდელობაა, თუმცა საქართველოს საპატრიარქო უბედურ შემთხვევას არ გამორიცხავს.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პოლიციამ მოზარდი დაკითხა, რადგან, მათი ვერსიით, ის ღამით თავის ყოფილ „მწვანე სკოლაში" შეიპარა და სამასწავლებლოსა და სხვა კაბინეტების კედლებზე წარწერები დატოვა. მოზარდის დედის განცხადებით, რომელიც დაკითხვას ესწრებოდა, ბავშვზე აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით ზეწოლა განხორციელდა.
ჩოლოიანს ბრალი წარედგინა სსკ-ის 335 მუხლის პირველი ნაწილით („ჩვენების, განმარტების ან დასკვნის მიცემის იძულება"), რაც ითვალისწინებს ორიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.
გამოძიების მონაცემებით, გამომძიებელმა ჩოლოიანმა 10 დეკემბერს ლუკა სირაძე დაკითხვაზე დედასთან ერთად დაიბარა. გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა კოდექსის პრინციპებით და მოზარდისგან დანაშაულის აღიარება მოითხოვა.
უარის მიღების შემდეგ ჩოლოიანმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.
საქართველოს პროკურატურა აპირებს მიმართოს სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.