გახარია: მოზარდის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი ღიად გამოიძიებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნულ საქმეს ისე გამოიძიებს, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს.
Sputnik
გახარია: მოზარდის გარდაცვალების საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი ღიად გამოიძიებს
„კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი სრულად, გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს, ისე, რომ არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში. შესაბამისი დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, რომ სრულად ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან. ჩვენ ასევე უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები. ჩვენ უფრო სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და აქ კონკრეტული დავალებები უნდა გავცეთ შესაბამისი  უწყებების მიმართ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, განათლების სამინისტრომ, ყველა სხვა უწყებასთან ერთად, უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის, რომელსაც შეხება აქვს მოზარდებთან.