ილია მეორე: „მინდა შეგახსენოთ, რომ გაჭირვებაშია კაცობრიობა"

ილია მეორემ საქართველოს მოსახლეობას წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე მიულოცა და ქვეყანაში მიმდინარე მძიმე მოვლენებზეც ისაუბრა.
Sputnik

თბილისი, 19 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღე მიულოცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ნიკოლოზობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. 

ილია მეორე: ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ღმერთს ჩამოაშოროს

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 19 დეკემბერი – წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულმოქმედის წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა და იქადაგა. პატრიარქმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ქვეყანაში მიმდინარე მძიმე მოვლენებზეც ისაუბრა.

„მინდა შეგახსენოთ, რომ გაჭირვებაშია კაცობრიობა. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ადამიანები კარგავენ იმედს და თავს იკლავენ. ეს ხდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის – საქართველოში. შევთხოვოთ წმინდა ნიკოლოზს, შეეწიოს ყველა გაჭირვებულ ადამიანს. წმინდა ნიკოლოზმა დაგლოცოთ თქვენ და ყველა ადამიანი, განსაკუთრებით, გაჭირვებული ადამიანები", – ბრძანა ილია მეორემ

წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი საქართველოში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ მფარველად ითვლება.